კახა კახიშვილი: კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისია დანერგავს

აპარატი რა საჭიროა, თუ სასჯელის მოხდის ადგილიდან გაგზავნილი დოკუმენტი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა?! მაშინ, გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის საფუძველზე ავტომატურად უნდა მიეღოთ და მსჯავრდებული ან შეეწყალებინათ, ან არა, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თუ შეწყალების კომისია არ მოგვმართავს, გთხოვთ გვაცნობოთ, ამა და ამ პიროვნების მიმართ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხები თქვენს მიერ იყო თუ არა განხილული და რა შედეგით დასრულდაო, ბუნებრივია, ასეთ პასუხს მათ ავტომატურად ვერ გავუგზავნით, რადგან შეწყალების კომისია რამდენ და კონკრეტულად ვის საქმეებს იხილავს, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, უკვე მესამე წელია, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მსჯავრდებულთა ზეპირი მოსმენის პრაქტიკაზე გადავიდა და ამის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

„შარშან 700 ზეპირი მოსმენა გვქონდა. როცა მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს, კომისიის წინაშე წარდგება, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შედიან. ისინი მსჯავრდებულთან ინტერვიუს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ატარებენ, რომელიც შესაძლოა, მის გათავისუფლება-არგათავისუფლებას საფუძვლად დაედოს. ადამიანს რომ თვალებში ჩახედავ, მის ქცევას ნახავ, გაიგებ, როგორ ყვება ჩადენილ დანაშაულს, ყვება, რა გარემოებები და განცდა აქვს, ეს უფრო მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე თეთრ ფურცელზე მშრალად დაწერილი განცხადება“, – განაცხადა კახიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხშირად ითხოვს შეწყალების კომისია სასჯელაღსრულებიდან ამა თუ იმ მსჯავრდებულზე გადაწყვეტილებას, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების კომისია კონკრეტულად პირადი საქმის მასალებიდან იმ ამონარიდებს ითხოვს, რომელიც სასჯელთან, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მოქცევასთან და ფსიქოლოგთან ინტერვიუს საკითხებთანაა დაკავშირებული.

„ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს. მზად ვარ, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შევხვდე, რათა ეს საკითხები უფრო მეტად დავხვეწოთ, რადგან შეცდომა იქნება, შეწყალებაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი თქვა. მსჯავრდებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ ის დანაშაულს აღიარებს და დანაშაულის კვლავ ჩადენის გარემოებები გამოირიცხება, შესაძლებელია, ის გათავისუფლდეს, ან მის მიმართ რამე ტიპის შეღავათი იქნას გამოყენებული. მეორე მხრივ, უნდა იყოს ისეთი მექანიზმები, რომელიც პროცენტულობით, მეტ-ნაკლებად მეტ გარანტიას მოგცემს, რომ ეს ადამიანი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში დანაშაულს კვლავ არ ჩაიდენს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქალთა მიმართ ძალადობა – “ევროპული საქართველო” კანონის გამკაცრებას ითხოვს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : პრეზიდენტი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს