ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოსა და მანავში, რამდენადაც ვიცი, შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში არ არის მისული ადრესატამდე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მათვარობის დღევანდელ სხდომაზე განაცხაადა.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ იყოს გამოძიებული.
„მინდოდა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის მეთხოვა, მაქსიმალურად მოვიკვლიოთ, თუ საჭირო იქნება, ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. როდესაც სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რათა დავასუფსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი. თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა, არის განხილვადი. სამწუხარო არა, ამაზრზენი ფაქტია. ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული შემდეგ მთელი წელი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის განხილვა“,-აღნშნა გიორგი კვირიკაშვილმა.