ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი – ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე იყო სუსტი, ახლა დადგა ერთიანობის დრო

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის, მილოშ ვისტრჩილის ​განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩეხეთი სრულიად დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ირღვევა საერთაშორისო სამართლის პრინციპები“.

„საქართველოს პარლამენტში შალვა პაპუაშვილთან პირისპირ შეხვედრამდე ჩვენ გვირგვინით შევამკეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების ძეგლი. ამას ხაზს ვუსვამ იმის გამო, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ირღვევა საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ჩვენი ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას და საწინდარს ურთიერთგაგებისთვის“, – განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა.

ამასთან, მილოშ ვისტრჩილის თქმით, ჩეხეთი მკაფიოდ გმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას. ამასთან, მისი განცხადებით, დასაფასებელია, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინაში იგზავნება როგორც ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარება.

„ძალიან დავაფასებთ, თუ სხვა ქვეყნებიც დაგვეხმარებიან, არაწევრი ქვეყნები უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სუსტი იყო ევროკავშირის რეაქცია როგორც ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე 2008-ში, ასევე ყირიმის ანექსიაზე 2014-ში, ახლა დადგა ერთიანობის დრო და ძალიან მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია ევროკავშირში. დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მიდის დემოკრატიზაციისა და ევროპული ღირებულებების მიმართულებით, უნდა გადადგას მკაფიო ნაბიჯები უკრაინაში რუსეთის ჯარის გაჩერების მიზნით. უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ამიტომ, ძალიან ვაფასებ იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საქართველოდან უკრაინაში მიდისდა ამისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის რესურსებზე.

ამავე დროს, დივერსიფიკაცია და ცნობა უნდა მოხდეს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის შემთხვევაში. ერთ-ერთი გზა არის უფრო ვიწოეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ამიტომ ჩვენი დელეგაციის წევრებს შორის საქართველოში იმყოფება ასევე 30-ზე მეტი ბიზნესმენი. ამასთან, გვინდა, დავამყაროთ თანამაშრომლობა მეცნიერების, ინოვაციების დარგში. ჩვენთან ერთად ჩამოვიდა მეცნიერების აკადემიის თავმჯდომარე, ასევე აქ არიან რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის მრეწველობის მინისტრის მოადგილე. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ ქმედით ნაბიჯებშიც. გვინდა, განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში, როგორიც არის სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სფერო. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულება. ჩვენი ბიზნესმენებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმ პირობებს, რომელიც არის საქართველოში და რომელიც სრულიად თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირის პირობებთან. ეს ეხება მაგალითად, ქიმიის მრეწველობის დარგს ან ენერგეტიკის დარგს. ამავდროულად, შევთანხმდით იმაზე, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა წინაპირობა არის პატივისცემა ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ. ვგულისხმობ სამართლიან სახელმწიფოს, თავისუფალ მედიას, საჯარო ინსტიტუტების დემოკრატიულ მოქმედებას. ამ ყველა დარგში ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და დარწმუნებული ვარ, წარმატებული ვიქნებით და პატარა წვლილი შეაქვს ასევე ჩვენს ვიზიტს“, – განაცხადა განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის გამოცდილება და მხარდაჭერა
შემდეგი სტატიალუგანსკში საჰაერო იერიშს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ერთი ბავშვია