ჩეხეთის ელჩი: ყოველთვის პრობლემატურია, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პერე მიკისკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა უზრუნველყოს.

“ზოგადად, ყოველთვის პრობლემატურია, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესს. არსებობს გარკვეული ეჭვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმის პროცესიც აჩენს შეკითხვებს. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და თუ მისი ნდობა არ არსებობს, არც სახელმწიფო არსებობს”, – თქვა პეტრ მიკისკამ.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ელჩი ამბობს, რომ ეს პროცესი შემაშფოთებელია. მისივე თქმით, აუცილებელია, ასეთი საკითხები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით განიხილებოდეს.

“რაც შეეხება კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით. ასეთი დაჩქარებული წესით მისი განხილვა ძალიან შემაშფოთებელია. უნდა გაიმართოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის, თავად სახელმწიფო ინსპექტორის. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ ახალი წლის დღეებში, საშობაო დღესასწაულებისას ეს საკითხი ასე ნაჩქარევად განიხილებოდეს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს განხილვა გადაიდოს.

არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმირების აუცილებლობას, ეს შესაძლოა, საჭიროც იყოს და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთშიც ხდება ასე. თუმცა, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს დროის სწორი შერჩევით და ყველა მხარის მონაწილეობით”, – თქვა ჩეხეთის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ადვოკატი: მთავრობის ქმედება დანაშაულია
შემდეგი სტატიასვანეთის მოსახლეობა ხატზე ფიცის დასადებად ემზადება