ჩეხეთი და სლოვაკეთი “ნოვიჩოკის” წარმოებას კატეგორიულად უარყოფენ

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმა კატეგორიულად უარყვეს რუსული მხარის მტკიცება, რომ მათი ქვეყნები აწარმოებენ ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება “ნოვიჩოკს”, რომლითაც ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს 4 მარტს ლონდონთან ახლოს.
შაბათს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “აღნიშნული ქიმიკატის სავარაუდო წყარო არიან ის ქვეყნები, რომლებიც, დაახლოებით 90-იანი წლებიდან დღემდე ინტენსიურ გამოკვლევებს აწარმოებენ “ნოვიჩოკის” პროექტიდან”. ზახაროვას თქმით, ეს ქვეყნები არიან დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, შვედეთი და შესაძლოა, აშშ-ც.

“კატეგორიულად უარვყოფთ, რომ სლოვაკეთი რაიმე სახით შესაძლოა ქიმიურ იარაღთან იყოს კავშირში” – სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პეტერ სუსკომ განაცხადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ ზახაროვას განცხადებას “აბსოლუტურად დაუსაბუთებენლი და მასპეკულირებელი” უწოდა. “ეს იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მანიპულირება გაუკეთდეს ინფორმაციას საზოგადოებრივ სივრცეში და გააკეთო უკიდურესად მასპეკულირებელი განცხადებები რაიმე სახის მტკიცებულებების გარეშე” – “ტვიტერში” დაწერა სტროპნიცკიმ.

შვედეთის შს მინისტრმა მარგო ვალსტრემაც, ზახაროვას მტკიცებას “დაუსაბუთებელი და მიუღებელი” უწოდა. “ამის მაგივრად, რუსეთი ბრიტანეთს უნდა აძლევდეს პასუხს” – “ბიბისი” ციტირებს მინისტრს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს იპოვეს მოწამლულები ლონდონთან მდებარე ქალაქ სოლსბერიში. 12 მარტს ბრიტანეთის პრემიერმა ტერესა მეიმ განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც გამოყენებულ იქნა ყოფილი ორმაგი აგენტის მიმართ, რუსული წარმოების “ნოვიჩოკია”, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოიგონეს.

banner
წინა სტატიაში„გვაქვს კონკრეტული გეგმა დმანისის გადასარჩენად”- 14 ოპოზიციური პარტია აუქციონში იღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პრემიერს მიმართა