„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე საუბარი „შანტაჟის ენაა“ და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკასა და კანონებს არ შეცვლის.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის შესაძლო შერჩევითი შეჩერება ნიშნავს ორმაგ სტანდარტს — „თითქოს მათთვის მისაღებ ჯგუფებს უვიზო მიმოსვლა უნდა შეუნარჩუნდეს, ხოლო დანარჩენებს, ვინც არ ეთანხმება ბრიუსელის პოლიტიკას, უნდა დაეკისროს სავიზო რეჟიმი“.
ჭეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღებული კანონები, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ აქტები, ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია და მათი უკან გაწვევა არ განიხილება.
„ეს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკის შეცვლას არ ვაპირებთ. არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველო ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა „ქვეყნის ხედვასა და პოზიციებს პატივი უნდა სცეს“.
17 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა მიზნობრივი სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების, ასევე მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას დაეკისრება.

















