ჩეჩნეთისა და დაღესტნს შორის სიტუაცია ისევ დაიძაბა

ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. გუშინ გავრცელდა, რომ კიზლიარის რაიონში გაჩნდა საგზაო ნიშნები წარწერით “ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვსკის რაიონი”. სოციალურ ქსელებშიც მალე გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცები საგზაო ნიშნებს აჩვენებენ. წუხელ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთი საკუთარი მიწის სხვისთვის მიცემას არ აპირებს. “ჩვენ ჩვენს ერთ გოჯსაც არ დავთმობთ. ნიშნებს დააბრუნებენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი იქ უნდა იყოს” – “ინსტაგრამში” პირდაპირი ეთერის დროს თქვა.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის საზღვართან ჩეჩენი ძალოვანები გამოჩნდნენ. დღესვე დაუდოვი იმ ადგილზე გამოცხადდა, სადაც საგზაო ნიშნები დააყენეს და დაღესტნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია სამხედრო სატვირთო მანქანები, ჯიპები.

დაღესტნის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ვასილევმა განაცხადა: “სანამ მე აქ ვარ, ჩვენი ტერიტორიების არც ერთი მეტრი არ გადაეცემა სხვას”. მან დაამატა, რომ ნიშანი ჩეჩნეთშია დაყენებული, მაგრამ აღიქმება როგორც პროვოკაცია. “მათ ნიშნები საკუთარ ტერიტორიაზე დააყენეს. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ ვთხოვთ, რომ ისინი გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა ეს სხვანაირად აღიქვა. არა როგორც ნიშნები, არამედ, როგორც ჩვენს ტერიტორიულ ინტერესებზე თავდასხმა. ეს არ არის და არც იქნება” – ვასილევმა თქვა.

იანვრის ბოლოს ჩეჩნეთსა და დარესტანს შორის რესპუბლიკების საზღვრების დემარკაციის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელსაც დაღესტანში მასობრივი პროტესტი მოყვა. შეთანხმების თანახმად, დაღესტნის ტერიტორიები ჩეჩნეთს გადაეცა – ამბობენ ადგილობრივები.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ იური ლუცენკოს მოხსნის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაივანიშვილს უნდა ეშინოდეს, მათ შორის ჩემიც – ნიკა გვარამია