ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2020 12:06

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყო ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირი სრულად ადაპტირდება. გარე განათების ქსელი შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ლედ განათების სისტემა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2020 12:06