„ჩატარდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები“ – „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

„მიგვაჩნია, რომ ნამდვილად დროული და კარგი იქნება ჩატარდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ტარდება არ არის ლეგიტიმური და არ გამოხატავს, როგორც იქ მცხოვრებთა, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების პოზიციას. „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველას, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც.

„უკანასკნელად აფხაზეთის უზენაესი საბჭო არჩეული იყო 1991 წელს. მას შემდეგ არჩევნები არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც დღეს ტარდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს არის პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ეთნიკური წმენდის შემდგომ და ოკუპაციის პირობებში, ამიტომ არანაირად არ გამოხატავს არც იქ მცხოვრები და მით უმეტეს, არც დევნილი ადამიანების უფლებებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნამდვილად დროული და კარგი იქნება ჩატარდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები. ეს არ იქნება არჩევნები მხოლოდ დევნილი მოსახლეობისთვის, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველამ, მათ შორის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმაც“, – აცხადებს ბაქრაძე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი განმარტავს, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნებით, სახელმწიფო ხაზს გაუსვამს აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს, ოკუპაციის პირობებში იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან რთული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დიდწილად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დევნილი მოსახლეობა, მაგრამ სამართლებრივად და პოლიტიკურად ამით ჩვენ ხაზს გავუსვამთ აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტს. ამით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სოხუმში ე.წ. პარლამენტისგან, სადაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს ქართველ დევნილ მოსახლეობას და ეთნიკური წმენდის მსხვერპლს, ორგანო რომელიც იქნება არჩეული, იქნება სრულიად აფხაზეთის წარმომადგენელი. ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი ოკუპაციის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართალი, ეს არის საერთაშორისო და დიპლომატიური პოლიტიკური წნეხი და ამ პირობებში, ეს არჩევნები იქნება სწორედ სიმბოლო საქართველოს იურისდიქციის აფხაზეთზე, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის გამო ფაქტობრივად იმ ტერიტორიაზე არჩევნები ვერ ტარდება, აფხაზეთის უზენაესი საბჭო მაინც წარმოადგენს სრულიად აფხაზეთის მოსახლეობის ორგანოს, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განმარტავს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშისრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
შემდეგი სტატიაშსს-მ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო