ჩარკვიანი პრემიერს: „როგორ შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, როცა კორუფცია ყვავის?“

„კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცულია ბიუჯეტი და ვინ თქვა, რომ ვინმე რაიმე დახმარებას ელოდება თქვენგან?“- ასე მიმართა „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ღარიბაშვილმა ანგარიში წარადგინა.

ჩარკვიანის თქმით, ქვეყანაში კორუფცია ყვავის და ამის შესახებ „ოცნების“ პრემიერები საუბრობდნენ.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ რაც იოცნებეთ ანუ რაც უნდა გაგეკეთებინათ და არ გააკეთეთ, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ერთად მოგვიყევით პარლამენტში. როგორ ფიქრობთ როგორ შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, სადაც კორუფცია ყვავის? კორუფცია, რომ ყვავის თქვენივე პრემიერები საუბრობენ ერთიც და მეორეც. ერთი 700 მლნ-ს ეძებდა, რომლის შესახებ არც გამოძიება ჩატარებულა და მივხვდით, რომ ფასადური იყო.

მეორე კი, გახარია საუბრობს, რომ კორუფციაში ლპება ქვეყანა. ახლა ვციტირებ მის სიტყვებს. თქვენი კოლეგებისგან ისმის, რომ პანდემიის დროინდელი პრემიერი ხართ, არა ბატონო თქვენ მანამდეც პრემიერი იყავით. კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცულია ბიუჯეტი და ვინ თქვა, რომ ვინმე რაიმე დახმარებას ელოდება თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის.

ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, რომელსაც მომიტევეთ, მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თითს თქვენკენ იშვერენ მოქალაქეები, რომ თქვენს დროს აყვავდა და ჩალპა ქვეყანა კორუფციაში.

თქვენ რასაც სტაბილურობას ეძახით, იმას ჩვენ სტაგნაციას ვეძახით. ის, რომ ბომბები არ ცვივა, ეს არ ნიშნავს რომ საქართველოს რუსეთისკენ არ მიაქანებთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიისრაელში უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიატორნადოს გამო მიწასთან გასწორებული ჩეხური სოფლების ვიდეო გავრცელდა