“ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი” – ივანიშვილი ოქუაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ყოფილი პრემიერი ბიზნესზე რეკეტში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონი პრობლემების მოგვარებისთვის.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ზაზა ოქუაშვილს შეხვდა და მისი ბიზნესის პრობლემების შესახებ მოისმინა. ივანიშვილის განცხადებით, დახმარების მიზნით ბიზნესმენები მას ხშირად მიმართავენ ისევე, როგორც ხელისუფლებაში მყოფ პირებს.

ივანიშვილის თქმით, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები ღიმილისმომგვრელია. მან ასევე მოუწოდა მმართველი პარტიის წევრებს, რომ როდესაც ოქუაშვილის განცხადებებზე კითხვებს დაუსვამენ, მოითხოვონ ივანიშვილთან შეხვედრის დამადასტურებელი ჩანაწერის წარდგენა.

„ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მართლაც შევხვდი მას ერთხელ და დავეხმარეთ მას ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ეს ღიმილის მომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, რომ სად არის ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

ივანიშვილმა ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრის დროს გააკეთა.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.

 

https://youtu.be/ncu2PZzyQuo

 

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა შეაჯამა
შემდეგი სტატია“ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი” – ივანიშვილი ოქუაშვილთან შეხვედრას ადასტურებს (+ვიდეო)