ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი გიგი უგულავა, ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
უგულავას განცხადებით, გარდა გამგეობების წარმომადგენლებისა, „ქართული ოცნების” კანდიდატმა შეძლო გამარჯვება იმ ფულადი რესურსის საშუალებით, რომელიც ბოლო დღეებში რაიონში შავი ჯიპებით ჩამოჰქონდათ.
„მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში სადაც “ქართული ოცნების” ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, სადაც არის დასაქმებული გამგეობის, სიპების, აიპების თანამშომლები მათი ნათესავები ძირითადად ამათ ხარჯზე ახდენს “ქართული ოცნება” უკვე მერამდენე წელია არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი, ძალიან ბევრი ფულით და ხდება ველაზე ამაზრზენი რამ, მანიპულირება ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობით,“ – განაცხადა გიგი უგულავამ