“ჩამოყალიბდა მანტრა: “უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს”- რას წერს ნოდია ?

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

“გაზაფხულზე, კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, ჩამოყალიბდა მანტრა: “უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს”.

ეს თავისთავად ბანალური განცხადებაა. თუ ავად გახდი, ექიმს უნდა მიმართო და არა მკითხავს; პანდემიის დროს ეპიდემიოლოგს უნდა მოუსმინო და არა, ვთქვათ, ეპისკოპოსს.

გასაგებია, რომ არის ხალხი, ვინც მკითხავის ან ეპისკოპოსის აზრს ამ შემთხვევაშიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს – მათ მიმართ ხსენებულ მანტრას რაღაც აზრი აქვს. ოღონდ ინტელექტუალურად ეს მაინცდამაინც მაღალი ნიშნული არ არის.

მაგრამ რა ვუყოთ, თუ მეცნიერებს სხვადასხვა პასუხი აქვთ და ერთმანეთში კამათობენ? ან სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეს გეუბნებიან? ან აშკარად ჩანს, რომ მეცნიერება დაბნეულებია და ხელის ცეცებით ეძებს პასუხს?

გაზაფხულზე, დღევანდელთან შედარებით, დღეში 40-50-ჯერ ნაკლები ინფიცირებული გვყავდა და ყველა სახლში გამოგვკეტეს. დღეს ბევრად გადავაჭარბეთ იტალიის მონაცემებს ყველაზე უარეს დროს (მოსახლეობასთან შეფარდებით, ცხადია) – როცა ყველანი იტალიელების ბედზე ვწუხდით. მარტიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე სულ 19 ადამიანი მოკვდა პანდემიით, 20 სექტემბრიდან დღემდე – 94.

ამჯერად, 10 საათის შემდეგ რესტორანში წასვლა და დიდი ქორწილები და ქელეხები აგვიკრძალეს. კიდევ რაღაცეებიც, მაგრამ აპრილ-მაისში ცხოვრების სრულ შეჩერებასთან ახლოსაც არა ვართ.

რაც არანაკლებ საინტერესოა, გაზაფხულზე ყველა სრულიად მოცული იყო კოვიდის პრობლემით: სხვა საკითხზე საუბარი შეუძლებელი იყო. ახლა დიდად აღელვებულები არ ვჩანვართ.

გამოდის, რომ ან გაზაფხულზე მოგვივიდა ზედმეტი (როგორც სერიოზულ მეცნიერთა უმცირესობა ამტკიცებდა), ან ახლა არ ვაკეთებთ საკმარისს. თუმცა, შეიძლება ორივე მართალი იყოს.

მეცნიერებას თავისი საქმე აქვს, მაგრამ მარტო მეცნიერება ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეულ რჩევებს გვაძლევს (ხელები დაიბანე, პირბადე გაიკეთე, უაზროდ ნუ იწანწალებ და ა. შ.) და არა გამოკვეთილ პასუხს.

პოლიტიკას მთავრობები ქმნიან საზოგადოებრივი განწყობის გათვალისწინებით. გამოდის, რომ მეცნიერის მანტიამოსხმული სპიკერი-მუშკეტერები მთავრობას თუ საზოგადოებრივ განწყობას კუდში მისდევენ.

პასუხი მორალის და ფსიქოლოგიის სფეროში უფროა, ვიდრე მეცნიერების. გაზაფხულზე “შვედურ მოდელს” უმრავლესობა უზნეოდ მიიჩნევდა; მისი დაცვა ფაშიზმთან გაიგივდა. ახლა ყველანი (მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ) შვედები გავხდით და ერთმანეთს აღარ ვაბრალებთ, მოხუცები რატომ არ გეცოდებათო.

როგორც ჩანს, შეჩვევა უფრო ძლიერი მექანიზმია, ვიდრე მეცნიერული თეორიები. შევეჩვიეთ და, შესაბამისად, შევეგუეთ აზრს, რომ მეტ ადამიანს დაემართება ვირუსი; ზოგი გადავიტანთ, ზოგი მოკვდებით. ამის გამო ცხოვრების სრული შეჩერება აღარ გვინდა.

(ჩვენს ხელისუფლებაზე და მის პოლიტიკაზე შეგნებულად არ ვლაპარაკობ – გასაგებია, რომ მას თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი.) ”- წერს პოლიტოლგი გია ნოდია საკუთარ Facebook გვერდზე.

banner
წინა სტატიაში​კახა კალაძე – „ქართული ოცნებისთვის“ თითოეული ქალაქი, თითოეული რეგიონი განსაკუთრებულია და ყველა მათგანის განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია
შემდეგი სტატიაეპიდვითარება სამეგრელოში: 279 გამოკვლეული პირიდან, 65-ს ვირუსი დაუდასტურდა