ჩაძირული კრეისერის „მოსკვას“ ეკიპაჟი სევასტოპოლში გადაიყვანეს

TASS-ს უსახელო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შავ ზღვაში ხანძრის შედეგად ჩაძირული სარაკეტო კრეისერის, Moskva-ს ეკიპაჟი სევასტოპოლში გადაიყვანეს.
სააგენტოს რესპონდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა კრეისერზე მაშინ, როდესაც ხანძარი გაჩნდა ან რამდენი სამხედრო იქნა ხომალდიდან ევაკუირებული.

გემის ჩაძირვის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 აპრილს, ხუთშაბათს საღამოს განაცხადა. ოთხშაბათს, 13 აპრილს კი, უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერს, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, ნეპტუნის რაკეტების დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, მხოლოდ ხანძრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რამაც საბოლოოდ, „ტყვია-წამლის აფეთქება“ გამოიწვია.

რუსეთის ოფიციალური ვერსიით, გემის პორტში გაყვანის მცდელობა განხორციელდა, თუმცა დაზიანების გამო, ხომალდმა სტაბილურობა დაკარგა და ჩაიძირა.

ხანძრის შესახებ პირველ ცნობებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კრეისერის ეკიპაჟის სრული ევაკუაცია განხორციელდა. შემდგომში კი განმარტა, რომ მეზღვაურები შავი ზღვის ფლოტის სხვა გემებზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ჯერჯერობით უცნობია სრულიად მოხდა თუ არა გემბანიდან ეკიპაჟის გადარჩენა.

ევაკუირებული სამხედროების რაოდენობა სააგენტომ ოფიციალურად არ დაასახელა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამტკიცებდა, რომ გემზე სავარაუდოდ, 510 მეზღვაური იყო.

banner
წინა სტატიაშიამ ბოდვის დაშვება ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის სპეცსამსახურებს და უკრაინულ მხარეს, რომელმაც საქართველოში მოწვევა გამოაგზავნა -ბეჟაშვილი სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებაზე
შემდეგი სტატიარუსებმა შორი მოქმედების Tu-22M3 ბომბდამშენები დაბომბეს