ჩაჩიბაია: ამ ვიზიტით მან დაგვანახა ყველას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი რეგიონში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

ჩაჩიბაიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი და როლი საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, ინსტიტუციური განვითარების და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით უსაზღვროდ დიდია.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის თავდაცვის მდივანმა ხელი მოაწერეს დღეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის გატარების კუთხით ნაბიჯების გადადგმას, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მეტ ჩართულობას და მეტ აქტივობას რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდი, რადგან სულ ახლახანს დამთავრდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი დასრულდება დეკემბერში.

ახალი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერს, იქნება გაგრძელება შემდგომი განვითარების და შემდგომი თანამშრომლობის. ამერიკის შეერთებული შტატებთან თანამშრომლობას საქართველოსთვის აქვს არსებითად დიდი მნიშვნელობა მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და შეკავების ამოცანების გათვალისწინებით.

პირველ რიგში, მისი ვიზიტი მესიჯი არის ქართული საზოგადოებისთვის. ამ ვიზიტით მან დაგვანახა ყველას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი რეგიონში. მეორე მესიჯი, რომელიც გაეგზავნა ჩვენ მეზობელ ქვეყანას რუსეთს, არის ის, რომ საქართველო მარტო არ არის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გვერდით და ჩვენი ქვეყანა მარტო არ არის ამ საერთაშორისო, თუ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით“,- განაცხადა ჩაჩიბაიამ.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის მაღალ ინტერესს რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატების მდივანი და მთლიანად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამერიკის შეერთებული შტატები ვერასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას. საქართველოს მსოფლიო მასშტაბით ჰყავს ყველაზე დიდი მეგობარი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები“,- აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ძალიან სწრაფი პროცესების გზაზე დგანან
შემდეგი სტატიახვიჩია: რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, ეს ინფორმაციები მოხვედრილი ხომ არ არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში?