ცეზარ ჩოჩელმა ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანა – ეკონომიკური ბლეფი სენაკში?

 

13523878_1137350626288437_1361252839_oექსნაციონალი დეპუტატების ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას  ჩინური ოცნება სენაკში (ნაწილი მეორე)

«ვერსიის» საგამოძიებო ჯგუფის სენაკში ვიზიტის შემდეგ უამრავი კითხვა გაჩნდა (რეპორტაჟი «ვერსიის» წინა ნომერში) და საზოგადოებაშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ნოსირში, კლინკერის ცემენტის ქარხნის მშენებლობა ოფიციალურად, 25 ივნისს გაიხსნება, ჯერ კიდევ არის დრო, ამ კითხვებზე ოფიციალური პასუხები მოვითხოვოთ, რათა სამომავლოდ არც სენაკელები დარჩნენ მოტყუებულები და არც სახელმწიფო (მადნეულის არ იყოს) აღმოჩნდეს ინვესტორის მხრიდან დაშანტაჟებული – «აირჩიეთ, ბიზნესი და დასაქმებული მოსახლეობა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიამიტომაც «ვერსიამ» ყველა ის დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც გაიცა და შეეცადა გაერკვია, სჭირდება თუ არა საქართველოს კიდევ ერთი ცემენტის ქარხანა? შესწავლილია თუ არა ბაზარი და ასევე, ჩატარდა თუ არა კვლევა, რა საფრთხეს შეუქმნის კირქვის საბადოსა და ქარხნის მშენებლობა სენაკის ისტორიულ ნაწილს, მითუმეტეს, რომ ჩვენი ინფორმაციით, 80-იან წლებში, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე კირქვის საბადოც დახურა და აშენებული ქარხნის ამუშავების ნებართვაც არ გასცამოკლედ, კითხვა უამრავია, დღეს კი ეკონომიკურ ნაწილს განვიხილავთ!

სენაკში, სოფელ ნოსირში, კლინკერის ცემენტის ქარხნის მშენებლობა ოფიციალურად, 25 ივნისს გაიხსნება. ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, ასევე ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან. ქარხანას ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის «ქართული სამშენებლო მასალების კომპანია», ასევე «აზიურაფრიკული მენეჯმენტის კომპანია» და «ჰუალინგ ჯგუფი» ააშენებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება თბილისში, 24 აპრილს, სასტუმრო Hოტელს & Pრეფერენცე Hუალინგ თბილისიში გაფორმდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია. 25 ივნისს, ქარხნის მშენებლობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, საძირკველი გაიჭრება, ქარხნის მშენებლობა კი აგვისტოდან დაიწყება და, დაახლოებით, 16-18 თვეში დასრულდება.

მოკლედ, 2017 წლის ბოლომდე, «ქართული სამშენებლო მასალების კომპანია» სენაკში, სოფელ ნოსირში, ცემენტის საწარმოს ააშენებს. ამ მიზნით, «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში, მთავრობამ ინვესტორს 1 ლარად, 263 265 კვ/მ ფართი გადასცა. საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიამ» 8 867 408 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინვესტორისთვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება 2 216 852 ლარია.

«ვერსიის» კითხვაზე, რა პირობით გადაეცა შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიას» სენაკში მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გვიპასუხეს: «საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პასუხისმგებელია ფიზიკური ინფრასტრუქტურის გადაცემის კომპონენტზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით. პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის 13 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა შპს „ქართული სამშენებლო მასალების კომპანიას“ სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში მდებარე 263 265 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. განკარგულების თანახმად, კომპანია ვალდებულია შექმნას ცემენტის მწარმოებელი საწარმო. შპს „ქართული სამშენებლო მასალების კომპანია“ საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, 8 867 408 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ვალდებულებას იღებს, წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის ვადაში აწარმოოს არანაკლებ400 000 ტონა პორტლანდცემენტი, თიხამიწოვანი, წიდის, სუპერსულფატიანი და ანალოგიური ჰიდრავლიკური ცემენტების (შეღებილი ან შეუღებავი, მზა ან კლინკერების ფორმით) წლიური მოცულობის პროდუქცია».

იმისათვის, რომ ცემენტის ქარხანა ამუშავდეს, აუცილებელია კირქვა და თიხა. სენაკის სოფელ კოტიანეთში, კირქვის რამდენიმე საბადოა. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიაზე», სოფელ კოტიანეთში, კირქვის მოპოვების ლიცენზია გასცა. გარემოს დაცვის სამინისტრომ «ვერსიას» ოფიციალურად აცნობა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, 2015 წლის 27 აგვისტოს #1381/ს ბრძანების საფუძველზე, შპს „ქართული სამშენებლო მასალების კომპანია“-ზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოტიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიცა სასარგებლო წიაღისეულის (საცემენტე კირქვის) მოპოვების #1002891 ლიცენზია. ლიცენზიის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კოტიანეთის კირქვის მოპოვების ჯამური ოდენობა 6 210 000 ტონაა. ლიცენზია 20-წლიანი ვადით, 27.08.2015 წლიდან, 20.12.2034 წლამდე გასცეს.

13518063_1137349692955197_1736622933_o

13509675_1137349596288540_215317904_oსამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანია» 2015 წლის 10 აგვისტოს დარეგისტრირდა. შპს-ს 100%-იან წილს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შვილი, შალვა ჩოჩელი ფლობს. «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიის» დირექტორი მინდია გუმბარიძეა, რომელიც მანამდე, ცეზარ ჩოჩელის ძმის, იაგო ჩოჩელის კუთვნილ კომპანიებში, მათ შორის ს/ს «ქართული ლუდის კომპანიაში» დირექტორად იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელს, 2008-2012 წლებში, ის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო, რომელმაც ეს თანამდებობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 22 ნოემბერს დატოვა. 2013 წლის 24 იანვარს, ცეზარ ჩოჩელი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებდნენ, რომ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში, ჩოჩელი შპს „ნიუ ენერჯის“ მფარველობდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში ხელს უწყობდა. სანაცვლოდ, ჩოჩელი უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით, კანონიერ სახეს აძლევდა. სასამართლომ ჩოჩელი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სჭირდება თუ არა კიდევ ერთი ცემენტის საწარმო საქართველოს

ექსპერტების მონაცემებით, საქართველოში დღეს ცემენტის ჭარბი რაოდენობაა და კიდევ ერთი საწარმოს შექმნა საფრთხის ქვეშ დააყენებს არსებულ საწარმოებს. ამის დასტურად «ვერსიამ» შიდაკვლევაც ჩაატარა და ოფიციალური სტატისტიკაც გამოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, მონაცემები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და მაშინ, ისმის კითხვა – ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ მას ამ პროექტიდან არანაირი ბიზნესმოგება არ აქვს, ექსპერტები ამბობენ, რომ 6 მილიონ ტონაზე გაცემული ლიცენზია ძალიან მცირეა იმისათვის, რომ 100-მილიონიანი ინვესტიცია გონიერმა ბიზნესმენმა განახორციელოს, აქ საუბარი მინიმუმ 50 მილიონზე უნდა იყოს… და ბოლოს, სად მიაქვთ მზა პროდუქტი და რა გზით?

განსჯისთვის გთავაზობთ სტატისტიკას: ცემენტის მთლიანი ბაზრის მოცულობა საქართველოში, 1075000 ტონაა. აქედან დასავლეთ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით, 600 000 ტონა ცემენტი მოდის. ისტორიულად, ქართული ცემენტის სექტორი კონცენტრირებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც «ჰაიდელბერგცემენტი» ბაზრის აშკარა დომინანტია. მარტო «ჰაიდელბერგის» საწარმო სიმძლავრე აღმოსავლეთ საქართველოში, 1 400 000 ტონამდეა. გარდა ამისა, ცემენტის ბაზრის გარკვეული წილი საშუალო და მცირე ზომის ცემენტის საამქროებსაც უჭირავთ, რომლებიც კლინკერს «ჰაიდელბერგისგან» ყიდულობენ. შესაბამისად, საქართველოს ცემენტის ბაზარი უკვე გაჯერებულია.

წყაროს ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა კლინკერის ცემენტის შემთხვევაშიც. «ჰაიდელბერგის» კლინკერის წარმოება ბაზრის მოთხოვნას აღემატება. ამ პრობლემის გადაჭრა ადრე შესაძლებელი იყო ქართული პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტით, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. აზერბაიჯანში ბაზრის დიდი წილი უჭირავს ცემენტის წარმოებაში მსოფლიო გიგანტ კომპანია «ჰოლციმს». 2013 წლიდან, აზერბაიჯანში «ნორმ ცემენტმა» დაიწყო ოპერირება, რომლის დადგმული სიმძლავე 1 600 ტონა კლინკერი და 2 მილიონი ტონა ცემენტია წელიწადში.

13499420_1137349609621872_329605605_o

როგორც აღვნიშნეთ, დასავლეთ საქართველოს ბაზრის მოცულობა, დაახლოებით 600 000 ტონა ცემენტია. ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, ძირითადად, თურქეთიდან იმპორტირებულ ცემენტს უჭირავს. თურქეთიდან დაახლოებით, 184 000 ტონა ცემენტის იმპორტი ხორციელდება. გარდა ამისა, «ჰაიდელბერგი», რომელიც საკუთარ პროდუქციას აღმოსავლეთ საქართველოში ახორციელებს, დასავლეთ საქართველოშიც ყიდის. რაც მთავარია, ცემენტის ბაზარზე «ჰაიდელბერგის» აქტივობა დღითიდღე იზრდება. კომპანიამ უკვე შეიძინა «კავკაზ ცემენტის» ქარხანა, რომელიც ფოთში მდებარეობს. ამ ქარხნის დადგმული სიმძლავრე 200 000 ტონა ცემენტია წელიწადში.

«ვერსიის» წყაროს ინფორმაციით, 2011 წელს, საქართველომ 20 842 800 ლარის ღირებულების 1 502 200 ტონა ცემენტი აწარმოა, 2012 წელს _ 21 562 800 ლარის ღირებულების 1 545 500 ტონა ცემენტი, 2013 წელს _ 19 086 800 ლარის ღირებულების 1 618 700 ტონა ცემენტი, 2014 წელს _ 22 891 100 ლარის ღირებულების 1 618 700 ტონა ცემენტი, ხოლო 2015 წლის იანვარ-სექტემბერში _ 17 908 700 ლარის 1 314 800 ტონა ცემენტი. წყაროს ინფორმაციითვე, თეთრი პორტლანდცემენტის ექსპორტი სომხეთში ხორციელდება. 2011-2013 წლებში, სომხეთში, წლიურად, 3 200 000 აშშ დოლარის 25 500 ტონა ცემენტის ექსპორტი განხორციელდა. დანარჩენი პორტლანდცემენტის ექსპორტი კი აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთსა და სომხეთში ხორციელდება. 2011 წელს, ამ ქვეყნებში 18 739 800 აშშ დოლარის ღირებულების 273 808 ტონა ცემენტი გავიდა ექსპორტზე, 2012 წელს _ 33 371 300 დოლარის ღირებულების 453 653 ტონა ცემენტი, 2013 წელს _ 32 364 800 დოლარის ღირებულების 438 222 ტონა ცემენტი.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაცია «ვერსიამ» სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში _ «საქსტატი» გადაამოწმა, საიდანაც 2012-2015 წლების ცემენტის ექსპორტ-იმპორტის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. «საქსტატის» ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ცემენტის ოდენობა 2012-2015 წლებში, საწარმოთა დეკლარირებული მონაცემებით ასეთია: 2012 წელს, საქართველომ 215 628 100 ლარის ღირებულების 1 545 545 ტონა ცემენტი აწარმოა, 2013 წელს _ 190 868 200 ლარის ღირებულების 1 618 723 ტონა ცემენტი, 2014 წელს _ 228 911 600 ლარის ღირებულების 1 618 665 ტონა, ხოლო 2015 წელს _ 252 350 300 ლარის ღირებულების 1 755 436 ტონა ცემენტი.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს, «საქსტატის» ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ცემენტის ექსპორტი თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ხორციელდება. 2012 წელს, ამ ქვეყნებში 33 374 500 აშშ დოლარის ღირებულების 453 679 ტონა ცემენტის ექსპორტი განხორციელდა, 2013 წელს _ 32 365 100 დოლარის 438 222 ტონა ცემენტი, 2014 წელს _ 14 544 900 დოლარის 197 969 ტონა, ხოლო 2015 წელს _ 14 200 000 დოლარის ღირებულების 21 300 ტონა ცემენტი.

«საქსტატის» ინფორმაციით, ცემენტის იმპორტიორი ქვეყნებია თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ირანი, ჩინეთი, პოლონეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და უკრაინა. 2012 წელს, ამ ქვეყნებიდან საქართველოში, 40 665 200 აშშ დოლარის ღირებულების 523 724 ტონა ცემენტი შემოვიდა, 2013 წელს _ 39 387 600 დოლარის 509 630 ტონა ცემენტი, 2014 წელს _ 26 534 300 დოლარის ღირებულების 322 449 ტონა, ხოლო 2015 წელს _ 19 832 400 დოლარის ღირებულების 291 617 ტონა ცემენტი.

ნაციონალი ექსდეპუტატების _ ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას ჩინური ოცნება სენაკში!

ცეზარ ჩოჩელმა ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანა?

ექსპერტები ცემენტის ბაზარზე დიდ სკანდალს პროგნოზირებენ და არკვევენ, თუ რატომ დაინტერესდა «ქართულ ოცნებასთან» დაპირისპირებული ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ამ ბიზნესით და რატომ გადაწყვიტა პრემიერმა ღარიბაშვილმა გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მოეწერა პროექტისთვის, რომელიც მთავრობის სხდომაზე დაიბლოკა?

ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩოჩელმა ხელში ჩაიგო სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს და «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში შეღავათიან, ორწლიან საბანკო სესხს მიიღებს. სხვაგვარად აბსოლუტურად აუხსნელია, რატომ ხარჯავს სახელმწიფო გადასახადის გადამხდელთა ფულს არარენტაბელური პროექტისთვის. ეს პროექტი რომ არარენტაბელურია და სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, ცემენტის ქარხანაცა და კოტიანეთის კირქვის საბადოც შესაძლებელია სახელმწიფოს დიდ თავისტკივილად ექცეს, ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდანაც ირკვევა.

მართალია, ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ ახალი ქარხანა ექსპორტზე იმუშავებს, მაგრამ ეს პერსპექტივაც უსაფუძვლოა და სრული ბლეფია, რადგან ჯერ ერთი, ქარხანა მდებარეობს სანაოსნო პორტებიდან შორს, რაც ეკონომიკურად მომგებიანი არ არის და მეორე _ ექსპორტის ბაზარზე მთავარი დომინანტი თურქეთია შავი ზღვის აკვატორიაში მდებარე მრავალი ქარხნით და მასაც კი უჭირს ცემენტის გატანა. შესაბამისად, არსებული სიმძლავრეების ათვისება ვერ მოხდება და ინვესტორი იძულებული იქნება, ისევ ქართული ბაზარი აითვისოს, რაც კიდევ ერთი დარტყმა იქნება ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობისთვის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცეზარ ჩოჩელმა სოციალური ფონით სპეკულირებით მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. თუ სახელმწიფო ინვესტიციას სპეკულაციურ პროექტში ჩადებს, ეს შანსს მოუსპობს მრავალ ქართველ მეწარმეს, მოახდინონ არსებული რესურსის რეალურად მომგებიან პროექტებში ინვესტირება და ხელი შეუწყონ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას.

«ვერსიის» შემდეგ ნომერშიექსკლუზიური ინტერვიუ ცეზარ ჩოჩელთან

რატომ დაინტერესდა ლუდის, სარეცხი ფხვნილებისა და «ბარამბოს» შემდეგ ბატონი ცეზარ ჩოჩელი კირქვითა და ცემენტით და ისიც სამეგრელოში, ან რატომ მისცა ხელისუფლებამ «აწარმოე საქართველოში» ფარგლებში 1 ლარად ქარხანა და უზარმაზარი ფართი სენაკში?

როგორ გახდა «მიშას გუბერნატორი» და «ვანოს კარის ბიზნესმენი», როგორც მას მეოცნებეები ეძახდნენ, დღეს ხელისუფლებისთვის მისაღები და 100-მილიონიანი პროექტისა და ჩინური კომპანიისთვის სანდო პირი?

აშენებენ თუ არა ჩინურ ქალაქს სენაკში, რა ბიზნესმოგებას ელოდება და რაში დებს 100-მილიონიან ინვესტიციას, ასევე ვინ არის «აზია აფრიკის მენეჯმენტი» და რა პროექტები აქვს განხორციელებული სხვა ქვეყნებში – ამ და სხვა კითხვებზე ექსკლუზიურად «ვერსიას» «ჰუალინგ ჯგუფის» გენერალური დირექტორის მოადგილე, საქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ქსინფუ ვანგი უპასუხებს.

გაზეთი „ვერსია“

 

 

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: “საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში”