ცეზარ ჩოჩელი: «მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!»

ნაციონალი ექსდეპუტატების _ ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას ჩინური ოცნება სენაკში!ცეზარ ჩოჩელი: «მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!»

 

ექსკლუზიური ინტერვიუ ცეზარ ჩოჩელთან

 

რადგან ნოსირის ცემენტის ქარხანას ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელის კომპანია აშენებს, სენაკელები სწორედ მისგან ითხოვენ პასუხს – რატომ დაინტერესდა ბიზნესმენი ამ პროექტით, რატომ უნდა აშენდეს ცემენტის კლინკერის ქარხანა მაინცდამაინც სენაკში, სადაც ათეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და საკურორტო-ტურისტული მარშრუტი გადის და გათვლილია თუ არა მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეები? – ამ კითხვებით «ვერსიამ» ცეზარ ჩოჩელს მიმართა. 

 

– ბატონო ცეზარ, თქვენი ბიზნესი ძირითადად მცხეთის მუნიციპალიტეტშია თავმოყრილი, სენაკითა და ზოგადად, ცემენტის ბიზნესით რატომ დაინტერესდით, ამ მხრივ რა გამოცდილება გაქვთ?

– ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით, დაახლოებით, 13 წარმოება გვაქვს აშენებული. რაც შეეხება სენაკს, საქართველო ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუნდაც კირქვით, ამ დროს კი ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, 20-25 მილიონი დოლარის ქვის იმპორტი ხორციელდება, ვგულისხმობ, კლინკერს, რომელიც ცემენტის მასალაა და კირქვისგან იწარმოება. არადა, ქვეყანაში კლინკერი შემოდის თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან… რატომ უნდა ხორციელდებოდეს იმპორტი უცხო ქვეყნებიდან და აქედან ვალუტა გაედინებოდეს, როდესაც ადგილზე გაცილებით ხარისხიანი პროდუქცია გაგვაჩნია? მაშინ, როცა წარმოება განუვითარებელია, მოსახლეობა დაუსაქმებელია, სავალუტო რესურსი ნაკლებია, გადართული ვართ იმპორტზე და ადგილზე არ ვაწარმოებთ, ჩნდება კითხვა – რატომ? მონოპოლიასთან ხომ არ გვაქვს საქმე? რატომაა დღეს აქტუალური, რომ სენაკში ცემენტის ქარხანა შენდება? ვფიქრობ, მონოპოლიასთან გვაქვს საქმე, ყველაფერი ეს დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ არასერიოზულად განწყობილ რამდენიმე ადამიანთან. დასავლეთ საქართველოში ცემენტის ქარხნის მშენებლობა და კლინკერის წარმოება, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა: ჯერ ერთი, დასავლეთ საქართველოში იგივე კასპსა და რუსთავიდან პროდუქციის ტრანსპორტირება, მას, მინიმუმ, 10-12 აშშ დოლარით აძვირებს. გარდა ამისა, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, კლინკერისა და ცემენტის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია. თურქეთს საბაჟო შეზღუდვები აქვს დაწესებული რუსეთთან, უკრაინასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, საქართველოს ასეთი შეზღუდვები არ აქვს. ჩვენთან ნედლეული, მუშა-ხელი და ენერგომატარებლები იაფია და რატომ არ უნდა აშენდეს დასავლეთ საქართველოში ცემენტის ქარხანა და რატომ არ უნდა გავუწიოთ თურქეთს კონკურენცია, არ მესმის?!

– დემურ გადელიასთან რა ურთიერთობა გაქვთ – დიდი ხანია იცნობთ, მეგობრობთ თუ რა ხდება?

– არაფერი, ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

– ამ პროექტში დემურ გადელიას რა ინტერესი აქვს?

– არავითარი.

– აბა, თქვენს კარიერზე დემურ გადელიას ტექნიკა რატომ მუშაობდა?

– რა ტექნიკა, სრული სისულელეა, მე რა ვიცი, ვინ სად მუშაობდა.. ჩემს საბადოსთან გადელიას შეხება არ აქვს.…

– სოფელ კოტიანეთში, კირქვის საბადოს დემურ გადელიაც ფლობდა, მაგრამ მისი კარიერი 2014 წელს დახურეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სწორედ გადელია დაგიკავშირდათ და სინამდვილეში, ცემენტის ქარხნის მშენებლობა სენაკში თქვენი კი არა, მის ინტერესებში შედის, ასეა?

– არა, რას ამბობთ? ერთი რამ დაიმახსოვრეთ და ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ჩემს უკან არასდროს არავინ დგას, ჩემი ქვეყნისა და ჩემი საქმის სიყვარულის გარდა. ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი. ვაკეთებ რამეს, რატომ აკეთებსო, არ ვაკეთებ და, რატომ არ აკეთებსო, რა ვქნა, გეკითხებით? სულ ასეა, ვაშენებ ქარხნებს და ისეთი ბიზნესით ვარ დაკავებული, რომელიც მატერიალურ ფასეულობას ქმნის, ხალხს ასაქმებს. ყველას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში, ჩემი ადგილი იქაა, სადაც ახალი წარმოებები და სამუშაო ადგილები იქმნება. ვიღაცის მოვალეობაა, მთელი ცხოვრება უსაქმურობაში, ინტრიგასა და ლანძღვაში ატაროს, მაგრამ ეს მისი არჩევანია, მე ჩემი არჩევანი მაქვს. უბრალოდ, ხალხი შეცდომაში შეჰყავთ, ზეპირად ვიცი, რომელი სააგენტოდან დაიწყო ყველაფერი ეს, ვინ დგას იმ სააგენტოს უკან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან და ა.შ. პრეზენტაციის შემდეგ, პრესკონფერენციას გავმართავთ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით, ამის პირობას ყველას ვაძლევ.

– ამბობენ, რომ ხალხი შეცდომა, პირიქით, თქვენ შეგყავთ. ამიტომ, მოსახლეობა შიშობს, რომ «ჰუალინგი» ჩინელებს ჩამოასახლებს და ადგილობრივებს არ დაასაქმებენ.

– როდესაც ჩინური «ჰუალინგ ჯგუფი» თბილისის ზღვაზე ახალი დასახლების მშენებლობას იწყებდა, ერთი ამბავი ატყდა, არიქა, ჩინელები უნდა ჩამოასახლონო. გეკითხებით, ვინ ცხოვრობს დღეს იმ დასახლებაში? ახლა გეკითხებით, რატომ უნდა ჩამოსახლდნენ ჩინელები? რა განსაკუთრებული პირობები გვაქვს, ან რამდენი სამუშაო ადგილია საქართველოში, რომ ჩვენ აღარ გვყოფნის მუშახელი და ჩინელები უნდა ჩამოვიდნენ? გადახედეთ ჩემს კომპანიებს, 3 000 კაცზე მეტი მუშაობს ჩვენს მიერ შექმნილ ქარხნებსა და საწარმოებში, სადაც მხოლოდ 8 უცხოელი მუშაობს, სენაკელები რატომ შიშობენ, არ მესმის. ვინც ამ კითხვას სვამს, იმაზე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და მათზე გაცილებით მეტი მაქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, რომლებიც ამგვარ სიბინძურეს ავრცელებენ!

– ბატონო ცეზარ, პირდაპირ გეტყვით: წინა ხელისუფლების დროს სახარბიელო პირობებში არც ბიზნესი იყო და არც – მოსახლეობა. ბევრი «გადაგდებული» ბიზნესმენიც გვინახავს და ბევრი შეუსრულებელი დანაპირებიც. ამ ფონზე, სენაკის მოსახლეობის სკეპტიციზმი სულაც არ მიკვირს. იქაურებს, ცხადია, ქარხნის მშენებლობა უხარიათ, მაგრამ იმედი არ აქვთ, რომ დაასაქმებთ. პროექტი უკვე მოინათლა, როგორც ეკონომიკური ბლეფი.

– 25 ივნისს, ცემენტის ქარხნის პრეზენტაციას ვმართავთ და ყველაფერს ამ პრეზენტაციიდან შეიტყობენ, თუ რა გაკეთდება და როგორ. ცემენტის ქარხანაში, 95%-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება და მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შევა, რადგან ქონების გადასახადი სწორედ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა გადავიხადოთ.

– თქვენი გათვლით, მაინც, რამდენი შევა?

– ეს 100-მილიონიანი ინვესტიციაა, შესაბამისად, 1 მილიონი აშშ დოლარი, გარანტირებულად, როგორც ქონების ღირებულება, სენაკის ბიუჯეტში უნდა შევიდეს. გარდა ამისა, კირქვის მოპოვებიდან შემოსული მოსაკრებლის ნაწილი – ცენტრალურ, ნაწილი კი ადგილობრივ ბიუჯეტში შევა. ვიღაცები მიდიან ადგილობრივებთან და აბუნტებენ, ყველაფერი ეს ხელის შეშლაა და სხვა არაფერი. ჩვენი კარიერი არანაირ კავშირში არ არის ისტორიულ ძეგლებთან. კირქვის მოპოვება უაღრესად თანამედროვე მეთოდებით უნდა მოხდეს. საქართველოში არიან სპეციალისტები და მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას, ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!

– ნოსირსა და კოტიანეთში ჩინელები საბავშვო ბაღებისა და საერთო საცხოვრებლების მშენებლობასაც გეგმავენ. თუკი კირქვის საბადოსა და ცემენტის ქარხანაში ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ და არა – ჩინელები, საერთო საცხოვრებლებს რატომ აშენებთ?

– ყველაფერი ეს სისულელეა. ცემენტის ქარხანამ 24 საათი უნდა იმუშაოს, რამდენიმე ცვლაში. მენეჯმენტში მხოლოდ სენაკელები ხომ არ იქნებიან? შესაძლოა, ვერც ვიპოვოთ სენაკში ამ ქარხნის გენერალური დირექტორი. ანდა  ჩვენ რომ ჩავალთ ქარხანაში, მოსვენება არ გვინდა? გრანდიოზული საცხოვრებელი კი არა, 20-25 ადამიანზე გათვლილი, ნორმალური, კომფორტული სახლი შენდება.

– კირქვის საბადოებზე ლიცენზიის მოპოვება კულტურის სამინისტროსთან. შეთანხმებული იყო? კოტიანეთში უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გაქვთ სპეციალისტების დასკვნა, რომ კარიერები მათ საფრთხეს არ შეუქმნის?

– რა თქმა უნდა, გვაქვს. შემოწმებაზეც იყვნენ და ყველაფერი კარგად დაათვალიერეს. რა საფრთხე უნდა შეუქმნას, რაზე მელაპარაკებით, საერთოდ? თითოეულ ისტორიულ ძეგლზე მხოლოდ «ზედაზენის» ქარხანა, წელიწადში უამრავ თანხას ხარჯავს. პირიქით, ჩვენს ინტერესებშია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის აღდგენაში. ვითხოვთ მაღალ ხელფასებს, შემოსავლებს, კარგად მოწყობილ გზებს, მაგრამ არ გვინდა, რომ რამე გაკეთდეს: ხან ჰესის მშენებლობა არ უნდათ, ხან – სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ, ვერ გავიგე, აბა, რა გვინდა?

– არ გვინდაო, არავის უთქვამს, სენაკელებს ქარხანაც უნდათ და დასაქმებაც, მაგრამ ეს გარემოსა და ძეგლები დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს!

– არაფერი დაზიანდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშია. სენაკის ცემენტის ქარხანა საქართველოში კი არა, ევროპის ქვეყნებს შორის – გერმანიასა და საფრანგეთში, ყველაზე უკეთესი იქნება. ბავშვი არ დაბადებულა, უკვე კრიტიკას ვიწყებთ, მოდით, არსებულ ქარხნებს გადახედეთ, სად არის, ან როგორ არის, რა გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. ამ ქარხანაზე რას გვედავებით ჯერ, როდესაც არ იცით, რას ვაკეთებთ?!

– უამრავი გამოძიება ჩავატარეთ კასპის, სუფსის ქარხნებზე, მადნეულზე, ზვარეზე, სადაც ელემენტარული ნორმები დაცული არაა და იმაზე საუბარი, თუ რა დღეშია მოსახლეობა და გარემო შორს წაგვიყვანს. ჰოდა, ხომ შეიძლება, უსაფრთხოების ყველა ზომა ერთხელ მაინც მანამ მივიღოთ, ვიდრე ავაშენებთ, რომ შთამომავლობას სადარდებელი არ დავუტოვოთ?

– შეგიძლიათ, ჩემს მიერ შექმნილი ყველა საწარმო დაათვალიეროთ და თუ საქართველოში მათზე უკეთეს წარმოებებს მაჩვენებთ, მზად ვარ, ხელები ავწიო! სენაკის ცემენტის ქარხანა თითით საჩვენებელი იქნება და როგორც «ზედაზენის» დასათვალიერებლად მოდიან ევროპასა და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ზუსტად ასე მოვლენ სენაკშიც. თვითონ გერმანელები ჩამოვლენ იმის სანახავად, თუ რა დონის ქარხანა აშენდა საქართველოში. ქარხნის გახსნის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლებისა და სტუმრებს შევთავაზებთ, მოვიდნენ ქარხანაში თეთრი პერანგებით, ცოტა ხანს დაჰყონ და შემდეგ ჩვენივე პერანგებით შევამოწმოთ, სისუფთავე იქნება, თუ არა. ბოლოს კი, მათ მოვკითხოთ პასუხი, რომლებიც ხალხს ჩვენს წინააღმდეგ განაწყობენ. ჯერ არცერთი წარმოება არ გაგვიკეთებია ისეთი, რომელიც თავისი მიმართულებით, საუკეთესო არ იქნებოდა ევროპაში. დღესაც მოსახლეობას ვპირდებით – სენაკის ცემენტის ქარხანა იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე აუშენებია ვინმეს.

– სენაკის ცემენტის ქარხნის წლიური წარმადობა, დაახლოებით, 1 400 000 ტონა ცემენტი უნდა იყოს. ამ რაოდენობის ცემენტის საწარმოებლად, ცხადია, დიდი ოდენობით კირქვის მოპოვება დაგჭირდებათ, საბადოები, რომლებზეც ლიცენზია მოიპოვოთ, მცირე ზომისაა. შესაბამისად, ადგილობრივები შიშობენ, რომ საბადოს რადიუსის გასაზრდელად მთის აფეთქება მოგიწევთ, შედეგად, წყალი ამოხეთქავს და, შესაძლოა, არა მარტო სენაკი, კოლხეთის დაბლობიც დაიტბოროს.

– ეს ძალიან სერიოზული სისულელეა.

– არსებობს ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნა და კომპეტენტური ექსპერტების ანალიზიც, რომელსაც უახლოეს ხანებში გამოვაქვეყნებთ!

– ჩვენ 67 ჰექტარი მიწის ფართობი გვაქვს, რაც 670 000 კვ/მეტრია. 10 მეტრზე რომ მოიჭრას, ეს 7 მილიონი ტონა კირქვაა, 7 მილიონი უნდა გავამრავლოთ 2.7-ზე, რადგან ეს მისი კუთრი წონაა, დაახლოებით, 18.5 ნახევარი გამოდის. მთა რომ 20 მეტრზე მოიჭრას, 40 მილიონი ტონა გამოვა. ახლა გეკითხებით, 1 400 000 ტონა ცემენტიც რომ ვაწარმოოთ წლიურად, 40 მილიონი ტონა კირქვა 20 მეტრზე, რამდენ წელიწადში უნდა დაიხარჯოს? მთის სიმაღლე, მინიმუმ, 200 მეტრია, მხოლოდ 20 მეტრი უნდა მოიჭრას. რა ეკოლოგიურ საფრთხეზეა საუბარი?! ყველაფერი ეს აბსურდია! ეს თითიდან გამოწოვილი თემაა, ეს მავნებლობაა, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ!

– კირქვის საბადოზე ლიცენზია ფიზიკურ პირ მარიამ მაჭარაშვილზე გაიცა, ეს პიროვნება ვინაა?

– ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა. ლიცენზია სჭირდებოდა ამ ადამიანს და აიღო, თქვენც მიმართეთ შესაბამის უწყებას და აიღეთ ლიცენზია, ვინ გიშლით?

– ლიცენზია, რომელიც მიიღეთ, გაცემული თქვენს კომპანიაზე კი არა, ვინმე მარიამ მაჭარაშვილზეა… ამბობენ, რომ მარიამ მაჭარაშვილი დემურ გადელიასთან დაახლოებული პირია და სწორედ მისი საშუალებით მონაწილეობს ბატონი დემური ამ პროექტში. «ვერსია» ამ ინფორმაციასაც ამოწმებს.

– არც გადელია ვიცი და არც სხვები მაინტერესებს! მე არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებ, რომელიც საქმეს უკავშირდება, თორემ თითოეული «კლიოზნიკი» რას იტყვის, იმაზე პასუხი როგორ გაგცეთ?

– იმ პირის ვინაობას ვაზუსტებ, რომელიც დოკუმენტშია მითითებული. მას შემდეგ, რაც შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიას», «ჰუალინგ ჯგუფსა» და «აზია-აფრიკის მენეჯმენტის» კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სენაკის ცემენტის ქარხანაში ბიზნესინტერესი არ გაგაჩნიათ. უკაცრავად, მაგრამ ამ პროექტში რა ინტერესი გაქვთ?

– არა, მასე არ მითქვამს. ვთქვი, რომ ამ პროექტში კომერციულ ინტერესზე მეტად იმით ვარ დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი წარმოება შევქმნა საქართველოში. ვიღაცა პოეტია და სურს, ყველაზე მაგარი ლექსი დაწეროს, ვიღაცა ხატავს და მისი ოცნებაა, ყველაზე მაგარი ტილო დახატოს. მე არც ხატვა ვიცი და არც ცეკვა-სიმღერა მეხერხება, მხოლოდ ქარხნების მშენებლობა ვიცი და შესაბამისად, ჩემი სურვილია, საქართველოში ყველაზე მეტი და ყველაზე მაგარი ქარხნები ავაშენო, რათა ყველაზე მეტი დასაქმებული ადამიანი მე მყავდეს. თუ ეს დასაძრახია, დამძრახეთ!

– 2015 წლის 13 ოქტომბრის მთავრობის #2207 განკარგულებით, ირაკლი ღარიბაშვილმა «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში, შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიას» სენაკში, სოფელ ნოსირში, 263 265 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა ცემენტის ქარხნის ასაშენებლად. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი ერთხელ უკვე დაიბლოკა, თქვენ კი ღარიბაშვილი შეცდომაში შეიყვანეთ და იმ ვითარებაში, როდესაც მალე პრემიერ-მინისტრი უნდა შეცვლილიყო, მომენტით ისარგებლეთ, რათა ამ განკარგულებაზე ხელი მოეწერა. ასე იყო?

– ესეც აბსოლუტური სისულელეა! ჯერ ერთი, ამ საქმით დაკავებული იყო კომპანიის გენერალური დირექტორი და საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებით ერთ სახელმწიფო უწყებაშიც არ მივსულვარ. რატომ უნდა მივსულიყავი, ან რა მეგობრობა მაკავშირებდა ირაკლი ღარიბაშვილთან, როდესაც ოთხი წელია, სასამართლოს თავი ვერ დავაღწიე!

რაც შეეხება კონკრეტულად 26 ჰექტარ მიწის ფართობს, თქვენ დაინტერესდით, რა რაოდენობის მიწის ნაკვეთია გაცემული «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში საინვესტიციოდ? ვალდებულება გვქონდა აღებული, რომ 21 ჰექტარზე უნდა განგვეხორციელებინა 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, მაგრამ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ჯერ ერთი, თუ ამ პროექტის ფარგლებში, ბევრმა მეწარმემ ისარგებლა, დღესაც სარგებლობს და მომავალშიც ისარგებლებს, ჩვენთვის რატომ უნდა ეთქვათ უარი, როდესაც ამხელა მასშტაბის, 100-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ? რა შეცდომა დავუშვით, ან რანაირად მოვატყუე ირაკლი ღარიბაშვილი – 100 მილიონის ნაცვლად, 20-მილიონიან პროექტს ვაკეთებ თუ რა? პირიქით, ვთქვით, რომ 20-მილიონიანი პროექტის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ვთქვით, რომ ვაკეთებთ ერთ წარმოებას, მაგრამ საბოლოოდ, ოთხი წარმოება იქნება. ზოგადად, თქვენი კითხვის შინაარსი მაინტერესებს, დავუშვათ, ვიღაცას მართლაც გაუჩნდა ასეთი კითხვა, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რანაირად მოვატყუე ღარიბაშვილი, სადაა აქ ლოგიკა?

– ბატონო ცეზარ, კითხვებს მე ვსვამ და ინფორმაციას ვამოწმებ, თორემ უპირობოდ არც თქვენი მჯერა და არც – სხვისი. დაგირეკეთ და ინტერვიუზეც ამიტომ შეგითანხმდით, რომ ინფორმაცია მომაწოდოთ.

– ვიდრე ჩემთან მობრძანდებოდით, ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა მიგეწერათ და გეკითხათ, რის საფუძველზე გადმოგვცეს 1 ლარად მიწის ნაკვეთი.

– რჩევისთვის გმადლობთ, მაგრამ ზუსტად ასე მოვიქეცი – ერთი თვის წინ მივწერე ეკონომიკის სამინისტროსაც, მთავრობის კანცელარიასაც, გარემოსა დაცვის, კულტურის სამინისტროებსაც და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ხელთ მაქვს.

– რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, 26 ჰექტარზე რა მოცულობის ინვესტიცია ხორციელდება, ეს აიღეთ, მერე რამდენიმე ასეული ჰექტარი დააჯამეთ და ვნახოთ, იქნება ასეთი პროექტი თუ არა! ამის მერე იკითხეთ, ვინ ვის ატყუებს, ვინ აკეთებს ქვეყნის საქმეს და ვინ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას!

– კოტიანეთში, კირქვის საბადოსთან 500 მეტრში, დასახლებული პუნქტია, საბადოს ამუშავების შემდეგ, 30-მდე ოჯახს საფრთხე არ დაემუქრება?

– ჯერ ერთი, 500 მეტრში არანაირი მოსახლეობა არ არის, ყველაზე ახლოს, მოსახლეობა 1 კილომეტრში იქნება საბადოსთან და რა საფრთხე უნდა შეექმნას?

– ადგილობრივები აცხადებენ, ჩოჩელის ხალხი კოტიანეთის მოსახლეობას 400-400 ლარს ურიგებს, რათა კირქვის საბადოს ამუშავება არ გააპროტესტონო. ეს სიმართლეა?

– იცით, როგორი სისულელეა ყველაფერი ეს? ჯერ ერთი, რა უნდა გააპროტესტონ, თუ არ უნდათ, ნუ გავაკეთებთ. გიმეორებთ, კირქვის საბადოებისა და ნოსირის ცემენტის ქარხნის შემოსავალი უნდა მოხმარდეს კოტიანეთს, ნოსირს და სენაკის სხვა სოფლებს. პირველი ქარხნის მშენებლობას რომ ვიწყებდი ნატახტარის ტერიტორიაზე, მაშინაც ანალოგიური პროტესტი იყო, არიქა, რა გვეშველებაო… ის ქარხანაც აშენდა და იმის შემდეგ კიდევ 9 ქარხანა ავაშენე. საქართველოს მასშტაბით, დღეს ყველაზე მეტი დასაქმებული სწორედ ჩვენს შემოგარენშია. ნახეთ, მცხეთის ბიუჯეტში რა თანხა შედის მხოლოდ ადგილობრივი წარმოებებიდან, რამდენი ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული ამ ქარხნებში. იმის ნაცვლად, რომ დაგვეხმარონ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ. ერთმანეთის ლანძღვითა და მტრობით ქვეყანა არ შენდება. დღეს სამეგრელოში ასეთი სერიოზული წარმოება არ არსებობს.

– გასაგებია, მაგრამ ამ პროექტის გარემოს ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი ჯერ არ არსებობს და პირადად ჩემთვის, ამ პროექტში ეს ყველაზე მეტად საეჭვო დეტალია!

– თავდაპირველად, კირქვის საბადოს სალიცენზიო პირობები უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში. რაც შეეხება ცემენტის ქარხანას, არსებობს სტანდარტი, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ და რასაც სახელმწიფო დაგვიწესებს, ის უნდა შევასრულოთ. პროექტის განხორციელების დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, დაახლოებით, თვენახევარი დაგვჭირდება. ამასობაში, გზშ-ს დოკუმენტიც მომზადდება. ნორმატივები ორჯერ მეტად გვაქვს დაცული, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს. ეს ნორმატივები 10-წლიან პერსპექტივაზეა გათვლილი, რათა ევროკავშირის სტანდარტთან პრობლემა არ შეგვექმნას.

გაზეთი „ვერსია“

banner
წინა სტატიაშიპაპიძის სასამართლო პროცესზე ფსიქიატრი დაკითხეს- რა დიაგნოზი დაუსვეს ბრალდებულს?
შემდეგი სტატიაერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა