ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრის არჩევის წესი იცვლება

პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრის ასარჩევად ორ საფეხურიანი სისტემა შემოდის, შესაბამისად ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მომხსენებლის განცხადებით, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ამასთანავე, თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ვაკანსია, კანდიდატს, რომელმაც კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. რეგლამენტის ცვლილებების მიხედვით, კი ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. შალვა პაპუაშვილმა ცვლილებების მომზადების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება 2022 წლის მაისში რუსთავის სამაჟორიტარო ოლქში გასამართ არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ კი, პარლამენტის მიერ 2021 წლის 2 აგვისტოს არჩეულ ცესკოს თავმჯდომარეს და გარკვეულ წევრებს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ეწურებათ, ხოლო მათ ვაკანტურ თანამდებობებზე განწესება, ამჟამად მოქმედი წესის თანახმად, 2022 წლის მაისამდე ვერ მოხდება. შესაბამისად, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის მოქმედი ძირითადი წესის არსებობის პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკო პარლამენტის 2022 წლის შუალედური არჩევნები დანიშნოს და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეული პროფესიული წევრთა არარსებობის პირობებში, რაც მიზანშეწონილი არ არის და არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის ეფექტურად ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს.

სხდომაზე პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის და პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. ცვლილების მიხედვით, ერთი პარტიული სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ეძლევა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი ეკაა ჯერჯერობით… მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს – პაატა იმნაძე
შემდეგი სტატიატიკარაძე – მზად ვარ, ხელი შევუწყო ჩემი შემცვლელის წარმატებას, მე არ მივდივარ შორს