ცესკოს თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

„გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პირველად ეწვია ცესკოს. ის სულ რამდენიმე კვირის ჩამოსულია საქართველოში. მას აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები. ასევე გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისა და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერა, ისე ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მხარდაჭერა გამჭვირვალობისთვის და რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობისთვის იქნება მაქსიმალურად დადებითი და პოზიტიური საქართველოს არჩევნებისთვის“, – განუცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მედიასთან არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, – „ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემო დარჩება მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე“, – განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

banner
წინა სტატიაში(Video) ელისო კილაძე : რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართული სპეცსამსახურების საიდუმლო მასალები ქვეყნიდან გაიტანეს
შემდეგი სტატიამიუნჰენის კონფერენციის მეთაურმა ევროკავშირის პოლიტიკას სირიაში “სამარცხვინო” უწოდა