ცესკოს თავჯდომარის მოადგილე – არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიდეოფიქსაცია დაინერგება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქის ვიდეოფიქსაცია დაინერგება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმასთან ერთად, ასევე იგეგმებოდა ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას, თუმცა აღნიშნული გეგმა ბოლომდე ვერ განხორციელდა.

სიორიძის განმარტებით, სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფინანსური, ლოჯისტიკური, დროის დეფიციტის და სხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

„2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და გააჩნია განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი. ოპოზიციის, ასევე პირადად ჩემი როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრის უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა იმპლემენტაციასთან ერთად ამავე არჩევნებზე ისეთი ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას და არამხოლოდ ამა თუ იმ ნოვაციის ეფექტურობის შემოწმებას. სამწუხაროდ, ის, რაც გვსურდა ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტექნოლოგია დავნერგეთ. მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის ტექნოლოგია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება, რაც არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ვერ მოხერხდა. ამას ჰქონდა თავისი ფინანსური, ლოჯისტიკური, დროის დეფიციტის და სხვადასხვა მიზეზი“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის #4 საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით მოხდება.

,,მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები კომპანია „სმარტ მატიკთან“ და შესაძლებელი გახდა კრწანისის მთლიან საარჩევნო ოლქში ბიულეტენები დაგვეთვალიერებინა ელექტრონული მთვლელების მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
შემდეგი სტატიახაზარაძე – ჩვენი საქმის სამივე პროკურორი ფინანსურ ნაწილში „უკიდურესი უცოდინრობით გამოირჩევა“