“ცესკოს კორუმპირებული კლანი მართავს” – დროას და ლელოს მოკვლევა

22 მარტს პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და ლელო-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარეს.
დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება, სადაც ქართული ოცნებისთვის მისაღებ ადამიანებს საოლქო კომისიების ხელმძღვანელებად დანიშნავენ, ცესკოს მაღალჩინოსნები ანაზღაურებას გაიზარდიან, ხოლო უფლებამოსილებას იზრდის კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი.
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გიორგი ჯავახიშვილი 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელია. საგამოძიებო ვიდეოში, რომელიც დროას დამფუძნებელმა გამოაქვეყნა, საუბარია არჩევნების გაყალბების 13 მექანიზმზე, რომლის სათავეშიც სწორედ ჯავახიშვილი დგას.
ხოშტარიას თქმით, გიორგი ჯავახიშვილი საკუთარი კლანის მეშვეობით რეალურად მართავს ცესკოს. სწორედ ეს ადამიანი აწარმოებს არჩევნების ე.წ. შავ მონიტორინგს. არჩევნების დღეს ჯავახიშვილი სუსის და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება პარტიის ცენტრალურ ოფისში, სხვენში, სადაც უბნებიდან იღებს შედეგებს და მხოლოდ მისი თანხმობით ხდება ამ შედეგების ატვირთვა ცესკოს სისტემაში. სწორედ ეს გახდა საპარლამენტო არჩევნებზე შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზი. მეორე ადგილი, სადაც ცესკოს დე-ფაქტო მმართველობა იკრიბება, გაზის და ნავთობის კორპორაციაა.
პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის თქმით, ჯავახიშვილის კლანში შედიან – არჩილ ანასაშვილი (იურისტი), ეკა ცაბაშვილი (საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯავახიშვილის მეუღლის მეგობარი), ლევან მაისურაძე (ქართული ოცნების წარმომადგენელი ცესკოში).
ერტობლივ ბრიფინგზე საბა ბუაძემ ყურადღება ცესკოს სისტემაში არსებულ კორუფციულ ინტერესებსა და ნეპოტიზმზე გაამახვილა. ლელოს ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, სწორედ ამ მეთოდებით იმართება და კონტროლდება ცესკო ქართული ოცნების მიერ.
საბა ბუაძის თქმით, მსგავსი კორუფციული სქემის კარგი მაგალითია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“, ცესკოს სიპი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს. აქ საეჭვო გარემეობა არის ის, რომ გრანტები გაცემულია იმ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მჭიდროდ დაკავშირებული არიან ცესკოსთან.
მაგალითად, დები ნიკოლაშვილები. ფიქრია ნიკოლაშვილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად აირჩიეს, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების შემდგომ, კი 2020 წლის 16 ნოემბერს კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნიკოლაშვილი 2017 წლიდან საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იყო. სწორედ 2017 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სახელმწიფო და მოქალაქე“ დირექტორი, ამ ორგანიზაციას სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“-სგან ტრენინგებს ჩასატარებლად 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 106 409 ლარი.
მისი და, ელისო ნიკოლაშვილი 2020 წლის არჩევნებზე მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი ოყო, მანამდე კი 2014 წლიდან იყო ნაძალადევის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი. ელისო ნიკოლაშვილის მეუღლე კახაბერ მანჯგალაძე 2014 წელს ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, აგრეთვე, 2012 წლიდან არის შპს „ფინეზა“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. აღნიშნული კომპანია ხშირად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში და ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. მისი დამკვეთები ხშირ შემთხვევაში არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიები, თბილისის მერია, სასამართლო და სხვა.
სოფო ნაყოფია გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული დროებითი წევრია, ასევე, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერია. მასთან დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომლის თავმჯდომარე და წევრი არის მისი მეუღლე და შვილი. „დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრს“ სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“-სგან 2019 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 50 000 ლარი. საგულისხმოა, რომ ორგანიზაცია დაფუძნებულია 2019 წლის 30 მაისს და პირველი გრანტი (30 000 ლარი) მოპოვებული აქვს 2019 წლის 25 ივნისს.
გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სოფიკო სილაგაძიდ მეუღლე, ჭაბუკი ჭაბუკიანი დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეგიონების ხელშემწყობთა კავშირთან“. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეა ბესარიონ გულედანი, თუმცა საჯარო რეესტრში ორგანიზაციის ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებების შემტანი პირი სოფიკო სილაგაძეა. აღნიშნულ ორგანიზაციას, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“-სგან 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 98 962 ლარი.
ვლადიმერ ბოჟაძის ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან“ 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით გრანტის სახით 370 770 ლარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა – 15 მაისამდე პარლამენტში კიდევ სამი პარტია მაინც შევა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი მერიაში ხელფასების ზრდაზე – თუ კალაძე ხელს მოაწერს, ბევრ სიურპრიზს მოვუწყობ