“ცესკომ რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა ლეგიტიმურ საჩივარზე”- NDI-ის პირველი შეფასება

ndi-cr-739x428NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 2016 წლის 8ოქტრომბრის საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს და მათ მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგები საზოგადოებას გააცნენ.
,,არჩევნების დღე, რომელიც მშვიდ გარემოში დაიწყო, ძალადობის ცალკეული შემთხვევებით დასრულდა. ქართველი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა, საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა, პარტიის აქტივისტებმა და კანდიდატებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მშვიდობიანი მონაწილეობით დემოკრატიისადმი ერთგულება დაადასტურეს. კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინათ და ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში მშვიდად და ორგანიზებულად წარიმართა. თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი შეჩერდა ან შეწყდა უმართავი და, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიული ჯგუფების გამო. ძალადობას არცერთ არჩევნებზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამ პროცესებმა არაერთი ამომრჩევლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ დღის პირველ ნახევარში დემოკრატიისთვის გაწეულ შრომას ჩრდილი მიაყენა, თუმცა, ერთი შეხედვით, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

ახლა ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, პარტიებს, კანდიდატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაძაბულობის განმუხტვის ვალდებულება ეკისრებათ. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან. არჩევნების შედეგები, რომელიც სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადასტურეს – მაგალითად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (სამართლიანი არჩევნები – ISFED) მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის (PVT) გზით – აღიარებული უნდა იყოს. პოლიტიკურმა პარტიებმა ყველა საჩივარი და დარღვევა დოკუმენტურად უნდა ასახონ და ამ საჩივრების განსახილველად არსებული სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენონ. ცესკომ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს დარღვევებზე და ხმის დათვლის პროცესის ხელის შეშლაზე, რათა დაადგინოს, სად არის საჭირო განმეორებითი დათვლა ან განმეორებითი არჩევნების ჩატარება, განსაკუთრებით იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამან შეიძლება, არჩევნების საბოლოო შედეგებზე მოახდინოს გავლენა. შესაბამისმა პასუხისმგებელმა ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ და უპასუხონ ლეგიტიმურ პრობლემებს. ამავდროულად, ყველა პოლიტიკური პარტიის პროგრესული ლიდერი უნდა შეიკრიბოს, რათა ქვეყნის განვითარების სამომავლო გზაზე შეთანხმდნენ.

საქართველოში ამ თვის ბოლოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამ პროცესების მიმდინარეობა დამოკიდებული იქნება 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმური შედეგების აღიარებასა და დავების მშვიდობიან მოგვარებაზე. ახალი პარლამენტის საბოლოო შემადგენლობის მიუხედავად, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად, უმრავლესობას პარტიული კუთვნილების მიღმა მოუწევს მოქმედება, რათა თითოეული მოქალაქის, მათ შორის – სხვა პარტიების ამომრჩევლების, ინტერესები წარმოადგინოს“ – ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.

როგორც NDI-ის ევრაზიის პროგრამების რეგიონალური დირექტორმა ლორა ჯუიტმა განაცხადა, NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიზანია, საქართველოში დემოკრატიული პროცესების და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობა.

„ასევე მნიშვნელოვანია ყველა ჩართულმა მხარემ გააანალიზოს, რომ ძალადობა არ იქნება მიღებული. ცესკომ რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა ლეგიტიმურ საჩივარზე, ითანამშრომლოს ყველა მომჩივანთან და უზრუნველყოს მისი სამუშაოების გამჭირვალობა, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. ასევე ყველამ უნდა დაგმოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინებები, ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან და მოახდინოს ინციდენტების გამოძიება“, – აღნიშნეს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ თითოეულ პარტიაზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავს თავის სტრატეგიას.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი – ეს ტერმინი არ გამოგვიყენებია. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს შეიძლება თავისი ხარისხი ჰქონდეს. არჩევნები შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ არჩევნები შეიძლება იყოს მისაღები, ხოლო თითოეული პარტია როგორ წარმართავს სტრატეგიას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – აცხადებენ NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში.

NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგებოდა, ქვეყნის 10 რეგიონში 80-მდე საარჩევნო უბანი დაათვალიერა. NDI-ის დელეგაციის განცხადებით, ორგანიზაცია გააგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს არჩევნების მეორე ტურის პროცესში და შესაბამისად, წარადგენს შემდგომ ანგარიშებს.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს
შემდეგი სტატიამთელმა საქართველომ იცის, რომ გევაჭრებიან