ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსი გააფორმეს

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.

ცესკო-ს ინფორმაციით, კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. ხელს შეუწყობენ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი, თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად.

„დოკუმენტში თანაბრად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მხარეებისთვის იქნება შესასრულებელი. ასევე საუბარია დეზინფორმაციაზე, მიუკერძოებლობაზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება ისეთი ფაქტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, როცა მოგვიწევს ერთმანეთს ვუსაყვედუროთ ამ პრინციპების დარღვევის გამო,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.

ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ქცევის (ეთიკის) კოდექსს დღეს ცესკო-ში მოეწერა ხელი.

„აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელის მოწერა სურვილის შემთხვევაში ყველა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება რეგისტრირებული. საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საერთო არჩევნებზე გრძელდება“, – აცხადებენ ცესკო-ში.

banner
წინა სტატიაშისიმონიშვილი – წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობა ისეთი მაღალი არ არის, როგორც წინა არჩევნებზე გვქონდა
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე: „ კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, შევა საავადმყოფოებშიც და უზრუნველყოფენ მათ შორის კომიუნიკაციას