ცესკო-ში აცხადებენ, რომ 1 749 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლა კვლავ ვიდეოფიქსაციის საშუალებით განხორციელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ივანე ნორაკიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე ვიდეოფიქსაციის საშუალებით ხმების დათვლა წარმატებული გამოდგა.

„30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო ადმინისტრაცია 1 749 საარჩევნო უბანზე კვლავაც უზრუნველყოფს ვიდეოფიქსაციის საშუალებებით ხმის დათვლის პროცესს. ვიდეოგადაღება განხორციელდება ყველა უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს. ასეთი უბნების რაოდენობა 95 პროცენტზე მეტია. გარდა ამისა, ვიდეოგადაღება ასევე განხორციელდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული უბნების შედეგების გადათვლის პროცესში. ვიდეოფიქსაციის პროექტი პირველად განხორციელდა 2 ოქტომბერს არჩევნების პირველ ტურზე 3 200 საარჩევნო უბანზე, ასევე 360 უბანზე, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვალა საარჩევნო ოლქებში.

პროექტი გამოდგა წარმატებული, ვინაიდან ვიდეოჩანაწერების მეშვეობით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, ასევე დაინტერესებული მხარეებისთვის ცნობილი გახდა და გამოვლინდა ძალიან ბევრი დარღვევა, ბევრი ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე მუშაობს. გაკეთებულია შესაბამისი ანალიზი და მეორე ტურისთვის გაცემულია ყველა შესაბამისი რეკომენდაცია. ცესკო-მ აღნიშნული პროცესი უზრუნველყო არჩევნების მეორე ტურზე მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტურის მსგავსად, ვიდეოგადაღებას განახორციელებენ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები. ვიდეოკამერების ჩანაწერები აიტვირთება ინტერნეტსივრცეში Google drive-ის პლატფორმაზე“, – განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია“ქალაქი დატოვებულია უპატრონოდ”- წულაიას ქუთაისის მერიისთვის ბოქლომის დადება სურდა