ცესკო – საუბნო საარჩევნო კომისიაში მომუშავე არც ერთი პირი არ არის კოვიდინფიცირებული

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, დაზუსტებული ინფორმაციით, არცერთი პირი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობს, კოვიდინფიცირებული არ არის.

იოსელიანი ამით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის 106-ე საარჩევნო უბანზე, ცოლ-ქმარს, რომლებიც კომისიის წევრები არიან, კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა საარჩევნო უბანზე თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ.

„კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მონაცემებს შესაბამისი უწყებები გვაწოდებენ და ასევე იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც არჩევნების დღისთვის იქნებიან ან სამკურნალო დაწესებულებაში ან იზოლაციაში. აღნიშნული პირები გადავამოწმეთ და არცერთი მათგანი აღნიშნულ ბაზაში არ აღმოჩნდა. ასე რომ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კომისიის წევრს კოვიდინფექცია დაუდგინდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ნათია იოსელიანმა კენჭისყრის პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ არის ცალკეული პროცედურული დარღვევები, თუმცა, სერიოზულ დარღვევას ადგილი არ აქვს.

წინა სტატიაშიცესკო სავარაუდო დარღვევებსა და ხარვეზებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება
შემდეგი სტატიაზარქუა – დღეს დამაჯერებლად იგებს ნინო ლაცაბიძე, დღეს იგებს რუსთავი