ცესკო – საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას საჩივრების საფუძველზე საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს. გადათვლის მოთხოვნით საჩივრები წარმოდგენილი იყო ძირითადად შემდეგი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საჩივრები, გადათვლის მოთხოვნით, სულ წარმოდგენილი იყო 42 საარჩევნო უბანთან მიმართებით. აქედან, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საჩივრების განხილვამდე, გადაითვალა 3 ისეთი საარჩევნო უბანი, სადაც არ არსებობდა ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერები. ასევე საჩივრების განხილვამდე გადაითვალა 3 უბნის მონაცემები კანონმდებლობით განსაზღვრული წილისყრით გამოვლენილი უბნებიდან, ხოლო 15 განცხადება/საჩივრების საფუძველზე. გადათვლის შედეგად ზემოაღნიშნულ საარჩევნო უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლებს მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტურზე 274 საარჩევნო უბნის მონაცემები არის გადათვლილი. აქვე წარმოგიდგენთ საჩივრების თაობაზე დეტალურ სტატისტიკას: გადათვლა/ბათილობის/შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით სულ წარმოდგენილი იყო 139 საჩივარი. აქედან, პოლიტიკური პარტიების მიერ – 73, ხოლო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ – 66. მათ შორის დაკმაყოფილდა – 8, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 19, არ დაკმაყოფილდა – 83, განუხილველი დარჩა – 28 და განხილვაშია – 1. ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით – კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში სულ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 492 საჩივარი. მათ შორის დაკმაყოფილდა – 62, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 36, არ დაკმაყოფილდა – 297, განუხილველი დარჩა – 51, გაითხოვეს – 4 საჩივარი და განხილვაშია – 42“, – განაცხადა იოსელიანმა.

წინა სტატიაშიელენე ხოშტარიასთან დეპუტატები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაიუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა