ცესკო საიას მიერ მარნეულის #49 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მარნეულის #49 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, თუკი დადასტურდა, რომ აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მარნეულის #49 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, საარჩევნო ადმინისტრაციისათვის დადასტურების შემთხვევაში, ცხადია, ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც მარნეულის #49 უბანზე ორჯერ მისცა ხმა, პირველად – 11:32 საათზე, ხოლო მეორედ – 14:08 საათზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ზუგდიდის #105 საარჩევნო უბანზე გამოვლენილ დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება. ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებელმა უბანზე მისულ ორ ამომრჩეველს უთხრა, რომ ისინი არ იყვნენ ამ უბნის ამომრჩევლები.

„ზუგდიდის #105 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა ორი ამომრჩეველი, რომელიც იმავე უბნის ამომრჩევლები იყვნენ. უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა უთხრა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ ამ უბნის ამომრჩევლები. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, გადამოწმებით დადასტურდა, რომ აღნიშნული პირები ნამდვილად ამავე უბნის ამომრჩევლები იყვნენ, მათ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაცმოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ 300 ათასი ხმით
შემდეგი სტატიაზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანი ამ დროისთვის დაკეტილია, არსებული ინფორმაციით, დაკარგულია სამაგიდო სია