ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდში ზოგიერთი მხარის ქმედებებს

ცესკო დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნული ქმედებები ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს.

„დღეს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას. აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.

ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან, აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარბებას.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამართლებრივი ფორმებით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს“, – განაცხადა ანი მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ გამოვრიცხავ ხელოვნურად ხდებოდეს ვითარების დაძაბვა – კალაძე ზუგდიდზე
შემდეგი სტატია„ვიმედოვნებთ რომ ვნახავთ მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ – შვედეთის ელჩი