,,ცესკო-ს წინააღმდეგ კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა დაიწყეს”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცესკო-ს მიმართ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს ანტიპროპაგანდა და მიზანმიმართული თავდასხმები უწოდა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია გაუაზრებლად მონაწილეობს.

„კამპანია, რომელიც ხორციელდება ცესკო-ს და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ფილიალების მიერ დაწყებული კამპანიაა, ეს ფაქტია. ამის დასტურია საუბარი ბოლო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები, სუს-ის ოჯახის წევრები არიან საოლქო კომისიებში და სხვაგან, მაგრამ საია-ს წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით დოკუმენტები ვერ წარმოგვიდგინა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საია-ს ამ დრომდე არ წარუდგენია უწყებათაშორის კომისიაზე, რას ეყრდნობოდა კვლევა საარჩევნო ადმინისტრაციის დარღვევებთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზია საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტებას შეეხება. პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ. ბეჟაშვილის თქმით, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი უნდა გახდეს