ცესკო-ს თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ პარტლამენტის 150 წევრი, 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

„არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მისაცემად. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებლად პირბადის მოხმარება დასჭირდება, თუმცა არქონის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მათ უზრუნველყოფენ პირბადით. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს, 48 პოლიტიკურ პარტიასა და ორ ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, არჩევნების ჩასატარებლად სრულიად მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი.

„გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ, სამკურნალო დაწესებულებსა და იზოლაციაში, რაც არის კარანტინი და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52, მათ შორის ორი ავღანეთში საარჩევნო უბანი, რაც გახსნილია საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა, ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

„ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები. საკრებულოს შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე ჩატარდება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიმელია კობახიძეს: ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – საქართველოში არის უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემო