,,ცესკო-ს თავმჯდომარე ორივე მხარეს კი არ უნდა მოუწოდებდეს სიმშვიდისკენ, არამედ დაუკავშირდეს პოლიციას”

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი გაბაშვილის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადება სამარცხვინოა. როგორც გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო-ს თავმჯდომარე ორივე მხარეს კი არ უნდა მოუწოდებდეს სიმშვიდისკენ, არამედ დაუკავშირდეს პოლიციას და განმუხტოს სიტუაცია.

“სამარცხვინოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ. ერთი მხრიდან იქ ადგილზე ჩასული იყვნენ პოლიტიკოსები, მეორე მხრიდან – ჩვეულებრივი სადამსჯელო ზონდერ ბრიგადა, რომელიც თავს დაესხა და ფიზიკური ანგარიშსწორება მოუწყო ხალხს. ორივე მხარეს კი არ უნდა მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ, პირდაპირი მოვალეობა უნდა შეასრულოს ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – დაუკავშირდეს პოლიციას და განმუხტოს უბნის გარეთ სიტუაცია. ეს ახლაც არ არის გაკეთებული. ადგილობრივი ხელისუფლება სინქრონში მოქმედებს ზონდერბრიგადებთან, იმიტომ, რომ დავალება აქვს მიღებული მთავრობისგან”, -განაცხადა გაბაშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს მიმართავს, უზრუნველყონ სიმშვიდე, თავი აარიდინ ყოველგვარ დაპირისპირებას და მოქალაქეებს მისცენ საშუალება, თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე.

banner
წინა სტატიაში„ყველაფერში დამნაშავე ენერგომაფიოზი და პარტიული მშენებლობის დილეტანტი კალაძეა!“ – თენგო ჯგუშიას სკანდალური პოსტი
შემდეგი სტატიაკორცხელის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი სპორტსმენის ძმა შსს-ში მუშაობს