ცესკო-ს მხრიდან წინასწარი შედეგების გამოქვეყნება გაჭიანურდა, რადგან არჩევნების გაყალბების პროცესი მიმდინარეობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკო-ს მხრიდან წინასწარი შედეგების გამოქვეყნება გაჭიანურდა, რადგან არჩევნების გაყალბების პროცესი მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ.

„გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა არჩევნების წარმოუდგენელი გაყალბების პროცესი, რამაც ცესკო-ს მხრიდან შედეგების გამოცხადება უპრეცედენტოდ გააჭიანურა. განსაკუთრებით ეს ხდებოდა დიდ ქალაქებში, რადგან დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ეს ხდებოდა ასევე ქუთაისში, სადაც გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა მოპოვებული გამარჯვება და ახლა ცესკო ცდილობს, რომ ეს გამარჯვება წაართვას მას, მაგრამ არა მას და ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ წაართვას ქართველ ხალხს. არჩევნები არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს, ამის წართმევას ცდილობს სწორედ ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ახალი არჩევნების გამართვის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ნახეთ, რომ გუშინ ღამე აქტიურ რეჟიმში დაიწყო კონსულტაციები. დღეს ვაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და ყველას მოვუწოდებ, მიუხედავად იმისა, თუ რა არჩევანი გააკეთეს მაშინ, როცა მხარი დაუჭირეს ოპოზიციურ პარტიას, დღეს, ოთხ საათზე გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან ახლა უმთავრესია, დავიცვათ ჩევნი არჩევანი.

„ნაციონალ მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ასეთი გაყალბების ფონზე, ამ არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციის ცნობა ძალიან რთული იქნება. შესაბამისად, ჩვენ ვართ კონსულტაციებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით. თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს არ გააკეთოს, მაშინ ოპოზიციამ უარი თქვას საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე, რადგან ეს იქნება პარლამენტი, რომელიც შედგენილი იქნება გაყალბებული არჩევნებით და არა ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ქართველებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე “ნაციონალური მოძრაობა” იმარჯვებს
შემდეგი სტატიაკობახიძე: როდესაც ძალადობაზეა საუბარი, 2016 წელს ბევრად მეტი პროვოკაცია მოაწყვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტების მხრიდანაც ცოტა გადაჭარბებული რეაქციები იყო