ცესკო-ს ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ 26.29 პროცენტი შეადგინა, ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევში იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიიის ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა.

როგორც ცესკო-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია – 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევი – 20.04%.

ცესკო-ს ცნობით, რეგიონების მიხედვით ამომრჩევლის აქტივობა ასეთი იყო: აჭარა – 30.29%, თბილისი – 21.9%, იმერეთი -27.6%, კახეთი- 33.7%, მცხეთა-მთიანეთი – 32.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 28.6%, ქვემო ქართლი – 29.2%, შიდა ქართლი – 33.2%.

რაც შეეხება აქტივობას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 22.44% შეადგინა, ვაკეში – 21.68%,საბურთალო – 21.07%, ისანი – 21,55%, სამგორი – 22.77%,დიდუბე, ჩუღურეთი -25.02%, ნაძალადევი – 20.04%, გლდანი – 20.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – 33.72%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – 32.49%, რუსთავი, გარდაბანი – 29.23%, ხაშური, ხაშური -ქარელი – 33,21%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – 34.51%, ქუთაისი – 21.83%, ზუგდიდი – 28.58%, ბათუმი- 24.35%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო -39.29.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატან ყუთს, ისინი უბნებზე 21:00 საათისთვის დაბრუნდა.

ნათია იოსელიანის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი და მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა.

„საუბნოს შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადაში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და სწორედ ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს. როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარი შევიდა
შემდეგი სტატიაცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი