ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საბოლოო შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884 იყო. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა. საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, ვინც ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდნენ არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 477 053 ხმა, “დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” 88 097 ხმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” 856 638 ხმა.

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრად აირჩიეს 115 დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობიდან” 27, “პატრიოტთა ალიანსიდან” 6, “თოფაძე მრეწველებიდან” 1 და საინიციატივო ჯგუფიდან 1 დეპუტატი.

შემაჯამებელი ოქმი დღესვე გადაიგზავნება საკანონმდებლო მაცნეში და ვებ-გვერდზე მისი გამოქვეყნების შემდეგ ოფიციალურად ძალაში შესულად ჩაითვლება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტი უკვე უფლებამოსილია მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღი გამოაცხადოს.

კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პირველი სხდომა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში, ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, უნდა მოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია: პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა