ცესკო: კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად დღევანდელი მონაცემებით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა და მათი დაკომპლექტების მიზნით კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები დილის 07 :00 საათზე გაიხსნება და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08 :00 საათიდან, რაც საღამოს 08:00 საათამდე გასტანს.

„საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ყველა ჯგუფის 31 ოქტომბრის არჩვევნებში მონაწილეობას საინატარულ- ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღევანდელი დღის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი მათი დაკომპლექტების მიზნით. სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მომართონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრს 24-დან 26 ოქტომბრის საღამოს 10:00 საათის ჩათვლით.

როგორც სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისე საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე არანაკლებ 1.5 მეტრი დისტანციის დაცვით“,- განაცხადა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: უსიმპტომო პაციენტებს სპეციალური Covid-მკურნალობა არ ესაჭიროებათ
შემდეგი სტატიაახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა