ცესკო – 58 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა გადაითვალა. გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა ექვსი ხმა და დაემატა სამი, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა ხუთი და დაემატა 39, „გახარია – საქართველოსთვის“ კი, დააკლდა 34 ხმა.

„გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე. აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო ორ-ორ უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადაითვალონ ყველა მათგანი. დანარჩენი ექვსი უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს. ამასთან შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებულო ხუთ-ხუთი და ცესკო-ს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ორ-ორ უბნის შედეგები, საერთო ჯამში 201 საარჩევნო უბნის მონაცემები. დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

წინა სტატიაშიოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 986 729 აცრაა ჩატარებული
შემდეგი სტატიადღეს ჩვენ გავაჟღერებთ კონკრეტულ გეგმას – ანი წითლიძე ზუგდიდის აქციაზე