ცესკო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შედის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკო-სთვის მიწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი; გარდაცვლილ პირთა შესახებ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე იმ პირების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან რეგისტრაციას ან შეცვლილი ექნებათ რეგისტრაციის მისამართი.

„ამასთან, მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გავლილი ექნებათ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. აღნიშნული პროცედურის განხორციელება ამომრჩევლებს ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ. ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცესკო-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 ნოემბერს გადმოეცემა.

არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4-ე დღისა დანიშნონ-შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები“, – განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

„რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული ნორმები დღეიდან შევიდა ძალაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დაინტერესებულ მხარეებს, გაითვალისწინონ მეორე ტურის გამართვისთვის ცესკო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილი საჭირო პროცედურები და ვადები.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“აქეთ ვართ მეტნი… მომავალი არ არსებობს ბატონი ვაშაძის მხარეს”