ცერცვაძე: საბედნიეროდ, ინდური შტამი საქართველოში ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ რაღაც დროს ალბათ გავრცელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამი საქართველოში ჯერ გავრცელებული არ არის, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეულ პერიოდში გავრცელდეს.

მისივე თქმით, ინდურ შტამთან დაკავშირებით შედარებით მწირი ინფორმაციაა.

„საქართველოში შესაძლებელია, გავრცელდეს, მაგრამ ჯერ საბედნიეროდ არ გავრცელებულა. ისე შეუძლებელი არაფერი არ არის, რაღაც დროს ალბათ გავრცელდება. ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურთან შედარებით, ინდური შტამის შესახებ მწირი ცოდნაა. ინდურ შტამთან დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ ცოტა მეტი მუტაციაა, ვიდრე იყო ბრიტანულ შტამში. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ როგორც ბრიტანული შტამი, ისიც უფრო მარტივად გადამდებია, უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტი არაფერი. რაც შეეხება ვაქცინას, ოფიციალური განცხადებაა, რომ ლიდერი ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და ჩინური, ისინი ინდური შტამისგანაც იცავენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ შტამებზე საუბრისას აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ბრიტანულ შტამს განეკუთვნება.

„ვარაუდობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი არის ბრიტანული შტამი. მას ახასიათებს სწრაფი გავრცელება, მარტივი გადამდებობა და ახალგაზრდებს, ბავშვებს უფრო ადვილად ასნებოვნებს, ვიდრე ჩინური შტამი. ვაქცინა მისგან გვიცავს. სიმძიმე დაახლოებით ერთნაირია“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი გაიხსნა
შემდეგი სტატიასაქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა