ცერცვაძე: რომ არა შეზღუდვები, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა

„რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს მილიონი ავადმყოფი ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა. ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირების მეტი შემთხვევა უფრო დააზარალებდა ქვეყნის ეკონომიკას, ვიდრე – დაწესებული შეზღუდვები.

„თუ მილიონი კაცი გახდებოდა ავად, ისინი უფლების მიცემის პირობებშიც ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს და გაღარიბდებოდნენ. ის, რომ ჩვენ უფრო გვიჭირს, ვიდრე – ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს, ასე იყო კოვიდამდეც და პროპორციულად, ასე იქნება კოვიდის შემდეგაც. მაგალითად, ერთნაირი სტიქიური უბედურებაც რომ მოხდეს ჩვენთან და გერმანიაში, რა თქმა უნდა, ისინი უკეთ გადაიტანენ ამას. ჩვენ რომ შეზღუდვები, განსაკუთრებით – პირბადის ტარების ვალდებულება არ შემოგვეღო, გვეყოლებოდა ბევრად მეტი ავადმყოფი, აღარაფერს ვამბობ გარდაცვლილებზე. ჩვენთან უკვე დაიწყო ეკონომიკური ზრდა და გვაქვს პერსპექტივა. მეტი შემთხვევა უფრო ჩამოშლიდა ჩვენს ეკონომიკას, ვიდრე – დაწესებული შეზღუდვები“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
შემდეგი სტატიანავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესნმენს რუსეთში ექსტრადირება ემუქრება