ცერცვაძე – „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. მისივე თქმით, დღიურად აცრების რაოდენობის კლება ქვეყნისთვის კატასტროფაა.

„ყველაზე აქტუალურია დღეს ვაქცინაციის საკითხი. სამწუხაროდ, ყველანი შეშფოთებული ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის.

რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი – ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, არის ცალკეული ექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს. 13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი, ყველას ჰყავს ოჯახში. ფაქტობრივად წირავენ, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საკითხზე საუბრისას ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს და მოუწოდა ყველას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და აიცრან.

ცერცვაძის თქმით, დაბალი აქტივობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა „ფაიზერის“ გარკვეული დოზა ვადის გასვლის გამო აუთვისებელი დარჩეს.

„ადრე, როცა ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა ყველაზე მეტი სწორედ „ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო. ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ? რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს შემდეგ გამოვა ვიღაც და დაიტლიკინებს, ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა, ამის არ რცხვენია? რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, „ფეისბუქი“. თქვენ რა გგონიათ, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებულია, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ 4 ნაბიჯიან გეგმას, რის გამოც შეიძლება ძალიან მძიმე შემოდგომა მივიღოთ“ – ვახტანგ კალოიანი
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა: გამოუცხადეთ ბოიკოტი სახელისუფლებო კანდიდატს