ცერცვაძე : მივმართავ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ჩააბარონ სისხლის პლაზმა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გამოჯანმრთელებულ ადამიანებს სისხლის პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ეს ინოვაციური მეთოდია, რომელმაც საქართველოში 6 პაციენტი უკვე გადაარჩინა. ამის შესახებ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფებთან, რომლებიც შესაძლოა ვერ გადარჩენილიყვნენ და ყველა მათგანი გადარჩა. გვეკითხებიან, რატომ უფრო მეტად არ იყენებთ, თუ ასეთი ეფექტურია – ეს არ არის მონოპოლური ანტისხეულები, მაგრამ სანამ ისინი არ გვექნება, გარკვეულწილად შეიძლება გამოვიყენოთ.

დონორები არ გვყავს. არ მოდიან. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა”. – თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში აღირიცხა, 189 – აჭარაში, 150 კი იმერეთში. გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 391.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე : ნუ გექნებათ განცდა, რომ ვირუსი აუცილებლად ასაკოვნებისთვის არის საშიში
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა