ცერცვაძე – კლინიკური ჯგუფისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრაზე ვიმსჯელეთ პრეპარატ „ივერმექტინის“ კოვიდავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარებაზე, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება

gulis eleqsiri

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ გაიმართა კლინიკური ჯგუფისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს პრეპარატ „ივერმექტინის“ კოვიდავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარების თაობაზე.

როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება.

„COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ წყდება მცდელობა მიაგნონ მედიკამენტს, რომელიც მაღალეფექტიანი იქნება COVID-ით პაციენტების სამკურნალოდ. მთელ მსოფლიოში ტარდება მცირე და დიდი კვლევები სხვადასხვა მედიკამენტების, მათ შორის ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტების ეფექტიანობის შესაფასებლად. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა აქტიური მსჯელობის საგანი არის ივერმექტინი.

ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვეტერინარიაში, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ნებადართულია მისი გამოყენება ადამიანებზეც რიგი პარაზიტიული დაავადებების დროს. შესწავლილია აგრეთვე ივერმექტინის ეფექტიანობა დენგეს ცხელების დროს, მაგრამ დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული.

COVID-თან დაკავშირებულ კვლევებში ნათქვამია, რომ ივერმექტინს აქვს გამოხატული ანტივირუსული აქტივობა SARS-COV-2-ის წინააღმდეგ in vitro, რაც მას იმედისმომცემ მედიკამენტად წარმოაჩენს.

ივერმექტინი გამოყენებულ იქნა ინდოეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი დიდი COVID ეპიდ. აფეთქების დროს, თუმცა ინფორმაცია შედეგების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ა.წ. ივლისში გამოქვეყნდა ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული 24 რანდომიზებული კლინიკური კვლევის მეტაანალიზი COVID-19-ით ავადმყოფებში ივერმექტინის გამოყენების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ივერმექტინის გამოყენებამ 11 რანდომიზებულ კვლევაში საშუალო და მძიმე ინფექციით ავადმყოფებში 56%-ით შეამცირა სიკვდილობა, ასევე ზოგოიერთ კვლევაში იგი ამცირებდა ანთებითი მარკერების მაჩვენებლებს და აჩქარებდა ვირუსის კლირენსს. ამავე დროს მეტაანალიზში ნათქვამია, რომ მიმოხილული კვლევების შედეგების ნაწილი არ იყო რეცენზირებული. აგრეთვე ამ კვლევებში არის წინააღმდეგობრივი მონაცემებიც.

სადღეისოდ ივერმექტინს არ აქვს აშშ FDA-ის ან EMA-ს ოფიციალური რეკომენდაცია (approval), ხოლო ჯანმო, NIH და მსოფლიოს სხვა წამყვანი ინსტიტუციები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ივერმექტინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში.

ამ დღეებში შედგა კლინიკური ჯგუფის და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა, სადაც აგრეთვე მონაწილეობდა NCDC-ის დირექტორის მოადგილე ბ-ნი პაატა იმნაძე. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ივერმექტინის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარების თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება უახლოეს დღეებში“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო და UNICEF მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ
შემდეგი სტატიაზურაბაშვილი – შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი