„ცენტრისტების“ რეგისტრაციაზე ცესკო-ს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც თამარ ჟვანია განმარტავს, ცესკო-ს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი და აღნიშნული სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე მათ ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს.
„დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედია საშუალებებით გახდა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ მოცემული მდგომარეობით არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“, 2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, (ასევე, დამატებით მათ მიერ წარმოდგენილ იქნა პარტიის 2016 წლის 29 მაისის ყრილობის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია თემურ ხაჩიშვილი), საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გაატარა საარჩევნო რეგისტრაციაში.
ნიშანდობლივია, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნებისთვის, ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი; აღნიშნული სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს.
იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, ახლად დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, იმსჯელოს „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე, საჯარო რეესტრის მიერ ცესკოში დროულად უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი გადაწყვეტილება“, – ნათქვამია თამარ ჟვანიას განცხადებაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, – ამის შესახებ განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების განმარტებით, თემურ ხაჩიშვილს პარტიის თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე უარი 1-ელ აგვისტოს ეთქვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცური საქციელი არ არის
შემდეგი სტატიაზაზა ხუციშვილი: გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი დეპუტატობის კანდიდატი, მარტივად არ მიმიღია