ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს

მიმდინარე წლის 13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს. ცვლილება ეხება ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამ ტიპის ამომრჩევლები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
დღეს, ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს, მოუწოდა დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს;

„აღსანიშნავია, რომ ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან; აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები უშუალოდ სააგენტოში მიიღებენ,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის არმია მეორეა ნატოში და მეათე მსოფლიოში
შემდეგი სტატიაბრიტანელები ბორის ჯონსონის ახალ პოსტზე: სიცილი და აღშფოთება სოციალურ ქსელში