ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტია “სამართლიანობისთვის” დარეგისტრირდა, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია არ წარუდგენია – ამის შესახებ ინფორმაციას ეკა ბესელია ავრცელებს.
როგორც ბესელია სოციალურ ქსელში წერს, მზაობა გამოთქვა, რომ საკუთარი პარტია რომელიმე ახალი პლატფორმისთვის დაეთმო. კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, ამის მცდელობა ხაზარაძე-გახარიას შორის პრეზიდენტის მედიაციის დროს იყო.
ამოიწურა საარჩევნო სიების წარდგენის ვადა. უკვე შემიძლია გითხრათ, რომ პარტია ,,სამართლიანობისთვის ” დარეგისტრირდა ცესკო-ში , მაგრამ არ წარვადგინეთ საარჩევნო სია. რატომ? პარტია ,,სამართლიანობისთვის” საერთო მიზნისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი, ევროპული მომავლისთვის, თავისუფალი მართლმსაჯულების მიღწევისთვის შეიქმნა 2020 წლის 20 ივნისს და ეს მიზანი მისაღწევია.
ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს ახლაც და მომავალშიც ასე იქნება .
მე მზად ვიყავი დამეთმო ეს პარტია ახალი, ძლიერი, მრავალფეროვანი პლატფორმის შესაქმნელად, სადაც იქნებოდნენ წარსულის სიმძიმეებისგან თავისუფალი , სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, აქტიური სამოქალაქო აქტივისტები .
ამის მცდელობა იყო, დიდი ძალისხმევა ჩადო პირადად საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც დაიწყო მედიაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და მართლაც საუკეთესო, საარჩევნო პლატფორმა იქმნებოდა, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო არ შედგა .
მადლობა პრეზიდენტს, რომელიც ასე მტკიცედ დგას ქვეყნის სადარაჯოზე.
არ ჩავუღრმავდები ახლა ამ მიზეზებს, ამის დრო იქნება არჩევნების შემდგომ, ახლა მთავარია წინ ვიაროთ და ძალისხმევა გავაერთიანოთ გამარჯვებისთვის .
მე პირადად ვარ პრეზიდენტის ქართული ქარტიის მხარდამჭერი და დამცველი, მიმაჩნია რომ ეს ქარტია უნდა შესრულდეს და ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია!
ქართული ქარტია უნდა გახდეს ჩვენი ხალხის ნდობის მატარებელი, მას ჭირდება დაცვა და შესრულება!
დღეს ჩვენი ქვეყანაა გადასარჩენი და არავის არა აქვს უფლება იფიქროს ახლა საკუთარ ინტერესებზე.
ჩვენი ინტერესები გადის სამშობლოს ბედზე! ჩვენი პასუხისმგებლობა გადის ჩვენი შვილების მომავლის დაცვაზე!
ამიტომაც არის აუცილებელი ხელისუფლების ცვლილება 26 ოქტომბერს მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც დაიწყება ქარტიის პრინციპების ამოქმედება და გახდება ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, სამართლიანი , თავისუფალი ევროპული სახელმწიფო! ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – წერს ეკა ბესელია.