„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო გარიგების გაფორმებას ეწინააღმდეგებიან

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო გარიგების გაფორმებას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ მათ თბილისის პროკურატურაში, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების, M2 -ის, “ცენტრ პოინტისა“ და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შეხვედრაზე M2-მა გააკეთა პრეზენტაცია, თუ როგორ მოხდება დაზარალებულების დაკმაყოფილება კომპანიის მიერ „ცენტრ პოინტის“ აქტივების ყიდვისა და ვალდებულებების გადაბარების შემთხვევაში.

„2020 წლისთვის, სავარაუდოდ, ყველა ობიექტი დასრულდება. ამ ხელშეკრულებების ცვლილებები ჩვენთვის მტკივნეულია, რადგან ხელშეკრულებები თეთრ კარკასზე გვქონდა, ახლა კი გვათავაზობენ შავ კარკასს. თუმცა, მთლიანობაში შემოთავაზება, სავარაუდოდ, მისაღები იქნება, რადგან ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რაც შეეხება საპროცესო გარიგების გაფორმებას, ამის სასტიკად წინააღმდეგი ვართ. მათ ვინც 320 მილიონი მიითვისა და გაფლანგა, ერთი წელიც არ უნდათ ციხეში ჯდომა. სანამ არ დასრულდება მშენებლობები, ისინი ციხეში უნდა ისხდნენ“, – განაცხადეს დაზარალებულებმა.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებების გაფორმება ყველა დაზარალებულთან ინდივიდუალურად მოხდება.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის წევრი გირშელ ბართაია უკრაინაში არ შეუშვეს
შემდეგი სტატია,,თუ პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ინიცირებულ საკითხებს მიუთითებს, მმართველი გუნდი მის ვეტოს არ დაძლევს”