აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ომის დასრულების შესახებ.
ტრამპის განცხადებით, “დეტალები განხილული იქნება შეხვედრაზე მხარეებს შორის და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სწორედ ორმა მხარემ იცის ისეთი დეტალები, რომლებიც შეუძლებელია, სხვა ვინმემ იცოდეს”.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ რუსეთს სურს სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან, რასაც თავად ტრამპი ეთანხმება, რადგან “ამას შეუძლია შექმნას დიდი სიმდიდრე და უამრავი სამუშაო ადგილი, ხოლო რუსეთის რესურსი ამ კუთხით განუსაზღვრელია”.
“მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ვატიკანმა რომის პაპის წინამძღოლობით, განაცხადა, რომ ამ პოცესით დაინტერესებულია”, – წერს ტრამპი და ამატებს, რომ სატელეფონოო საუბრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის, საფრანგეთის, ფინეთის, ევროკომისიის პრეზიდენტებს, გერმანიის კანცლერსა და იტალიის პრემიერმინისტრს.
ტრამპს ამჯერად არ უხსენებია აშშ-ის ადმინისტრაციის მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე და არც მოსალოდნელი სანქციები რუსეთის მიმართ, თუკი კრემლი დათმობაზე არ წავა.