ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები იჯარის გადასახდელად შეღავათიანი ვადებით ისარგებლებენ

ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საშუალება ექნებათ, იჯარის გადასახდელად შეღავათიანი ვადებით ისარგებლონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბაზრობა „თერგის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის მიზეზები ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ თავიანთ სამუშაოებს, რომ დადგინდეს მიზეზები, მაშინვე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები ამ კონკრეტული ბაზრობის, დამწვარი ფართების. მანამდე, დროებით, ვისი სავაჭრო საქონელიც გადარჩა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გვერდით ფართებში გადაიყვანონ ეს ადამიანები, რათა გააგრძელონ საქმიანობა.

როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, აქ მომუშავეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მიეცეთ შეღავათიანი ვადები, იჯარის თანხებს ვგულისხმობ და გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

რაც შეეხება ზარალს, ადმინისტრაცია მზად არის, ინდივიდუალურად შეხვდეს და შემდეგ უნდა მოხდეს აღწერა და შემდეგ ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მას ბაზრობის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია მზად არის, ინდივიდუალურად შეხვდეს დაზარალებულებს.

„როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, რამდენიმე თვის წინ მოხდა ელექტროობის ცვლილება და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა დადგინდება მიზეზები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.

გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს გენინსპექცია – სამართალდამცველების შესაძლო დარღვევებზე მაღალი სტატისტიკა არაადეკვატური შეტყობინებების შედეგია
შემდეგი სტატიაუმრავლესობა ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს