C ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტზე 21 აპრილს მოაწერენ ხელს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტზე ხელშეკრულებას ხელი 21 აპრილს მოეწერება.
როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან უახლოესი დღეებში, პირველი მსხვილი პარტია, 5 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა შემოვა და ეს შეეხება მათ, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ კლინიკური მდგომარეობის გამო.
“რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ამას ხელმოწერის დღეს გაგაცნობთ ყველას, ვგულისხმობ ამ მედიკამენტებთან მიწვდომადობას. თუმცა, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ეს ბევრად უფრო მიწვდომადია, ვიდრე ნებისმიერი პრეცედენტი. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას, ის პაციენტები, ვინც მკურნალობას დაიწყებენ და ზოგადადა C ჰეპატიტის მქონე პაციენტები, ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და გაცნობირებული უნდა ჰქონდათ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად დაუბრუნდება თავის საწყის მდომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს რა ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ, იმ რეჟიმს და თავის მოვლას საერთოდ თავი დაანებეს. ბევრი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა იმის იმედით, რომ ახლა მკურნალობას დაიწყებენ, საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, საერთოდ არ იცავენ ძირითად საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა ყოველი დრამატიზირების გარეშე, რომ კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური მიდგომა და ძალიან დიდი რისკების შემცველი”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ინფექციის კონტროლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას ძირითადი საბაზო წესები.
“დეტალებში არ შევალ, ჩემზე კარგად ამას მკურნალი ექიმი განუმარტავთ, თუმცა არის რამდენიმე მოცემულობა, როგორიც არის ალკოჰოლის კატეგორიული მიუღებლობა, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ბოროტად გამოყენება, გარკვეული ჯანსაღი კვების წესების დაცვა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არა, ვიდრე საკუთრივ ანტივირუსული მკურნალობა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა მედიას მოუწოდა, ეს გზავნილი მაქსიმალურად მიიტანონ პაციენტებამდე.
“კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – ანტივირუსული მკურნალობის პროექტი დადასტურებულად დაიწყება, ხელი მოეწერება 21 აპრილს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძირითადი თავის მოვლის წესებზე პაციენტებმა უარი თქვან, იმის იმედით, რომ პრეპარატი გახდება მისაწვდომი. ეს არის ფატალური რისკის შემცველი ქმედება. არანაირი ალკოჰოლი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს მათ უნდა დაიცვან იმისათვის, რომ მათ საშუალება მისცენ პრეპარატს გააჩეროს ვირუსის გამრავლება”, – განაცხადა სერგეენკომ.
რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით სერგეენკოს მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმების ვადამ დაგეგმილი თებერვლის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გადაიწია და ეს მედიკამენტ “სოფოსბუვირთან” ერთად ახალი პრეპარატის, “ჰავრონის” დამატებამ განაპირობა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მინისტრებს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას ურჩევს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი – გახმაურებულ საქმეებში ხარვეზები ფიქსირდება