რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აღიარებს, რომ „სტრატეგიულ მოკავშირე“ რუსეთთან ერთად აფხაზური არმიის აღჭურვა და გაწვრთნა ვერ შეძლეს და ყოველთვის რუსეთის დახმარების იმედად ვერ იქნებიან. ბჟანიამ, როგორც მისი პრესსამსახური იუწყება, „აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები“ 11 დეკემბერს განიხილა დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.
ასლან ბჟანიას თანახმად, ბოლო წლებში აფხაზეთის გარშემო მსოფლიო გახდა ადრინდელზე უფრო ნაკლებად „მყუდრო და მშვიდი“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, „მშვიდად დაძინებას და გაღვიძებას“ სჭირდება თანამედროვე რაკეტებით, დრონებით, ტანკებით, თვითმფრინავებით და საჰაერო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი არმია, რომლის ჯარისკაცები შესაბამისად ჩაცმული და გაწვრთნილი არიან.
ბჟანიას განცხადებით, ჰქონდათ „სტრატეგიულ მოკავშირე” რუსეთის ფედერაციასთან ერთად არმიის გადაიარაღების, აღჭურვის და გაწვრთნის შესაძლებლობა, განსაზღვრული იყო პირობები და გათვლილი იყო პლუსებიც, მაგრამ ეს არ მოხდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, ბჟანიას კონკრეტული მიზეზი არ უთქვამს, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობდა სიტუაციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა.
ასლან ბჟანიას განცხადებით, დღეს უწევთ, რომ საკუთარი ფულით შეაკეთონ თვითმფრინავები, ააშენონ ყაზარმები, აღჭურვონ არმიის პირადი შემადგენლობა და შეიძინონ დრონები და სხვა ტექნიკა, თუმცა, ეს ზომები არასაკმარისია.